ნუკრი ქანთარია: „ნაციონალური მოძრაობა“ უსუსურ დღეშია

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ რაღაცის სამზადისშია, „თავისუფალი ზონის“ წევრების გამოსვლითაც დასტურდება”, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დღეს გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რომელშიც, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შესაძლო დესტაბილიზაციაზე ესაუბრება.
როგორც დეპუტატმა „კვირას“ განუცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ადვილი შესამჩნევია, რომ უსუსურ დღეში არიან. მისივე თქმით, აღნიშნული გეგმა მათთვის ხიფათის მანიშნებელია.
„მე გაკვირვებული არა ვარ, რადგან რამდენიმე ხნის წინ ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე. ისინი რომ რაღაცის მზადებაში არიან, მტკიცდება კიდეც „თავისუფალი ზონის“ წევრების გამოსვლით. ბევრს აეხილება თვალი. ეს არის ხიფათი მათთვის და აბსოლუტური დასასრული.
რა თქმა უნდა, არავის უნდა მერაბიშვილის გვერდით ჯდომა. დარწმუნებული ვარ, ეს არის ოდესიდან და აქ რამდენიმე ტვინგათხელებული ხალხის ამბავი და ვფიქრობ, იციან, რომ როგორც კი ისინი გადაცდებიან კანონს, კანონი მთელი თავისი სიმკაცრით იმოქმედებს და ეს მათაც კარგად იციან. ალბათ იმან არ იცის და ვეპატიჟები, ოდესიდან ჩამოვიდეს და გაიგოს, რას ნიშნავს სამართალი.
რაც არ უნდა ილაპარაკონ, უსუსურ დღეში არიან. აბსოლუტურად მობილიზებულია სახელმწიფოც და საზოგადოებაც და მთლიანად ხელისუფლება. ეს სულ სხვა ხელისუფლებაა. მათ რატომღაც 2003 წელი ჰგონიათ კალენდარში, არადა, 2016 წლის არჩევნებია. ეს მინდა შევახსენო სააკაშვილს“, -აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები