ირაკლი სესიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების მოსაპოვებლად საკუთარ ხალხსა და ქვეყანას გაწირავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ირაკლი სესიაშვილს სოციალურ ქსელში გავრცელებული მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აუდიოჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას კარგად იცნობს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას სესიაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მოსაპოვებლად საკუთარ ხალხსა და ქვეყანას გაწირავს.
მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ყველანაირ ინფორმაციას ფლობენ და აღნიშნული გეგმა თავიდანვე ჩაიშლება.
„ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. შესაბამისი ინფორმაცია იმას ადასტურებს, რომ კი არ საუბრობენ, კონკრეტულ სამზადისშიც არიან. როგორც „თავისუფალი ზონის“ წევრებმა განაცხადეს, როგორც ჩანს, სააკაშვილი მათ კონკრეტულ დავალებებს აძლევდა. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის ზნე-ჩვეულებას ვერ შეიცვლის. ეს ჩვევა მდგომარეობს იმაში, რომ ძალაუფლების გულისთვის საკუთარ ქვეყანას დაამხობენ, ხალხს დახოცავენ, ყველაფერს გააკეთებენ. ამათი იდეოლოგია სისხლზე და მკვლელობაზეა დაფუძნებული. საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ.
ბობოხიძისთვის, თურმე, როგორც თვითონ აცხადებს, ეს პირველი გადატრიალება არაა და არ გაუჭირდება. ისიც დავინახეთ, რომ ბოკერია და სააკაშვილი ძალაუფლების გაყოფით არიან დაკავებულნი. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ძალიან მალე სამართლებრივი მსვლელობა უნდა მიეცეს და ყველა ასეთი ქმედება უნდა აღიკვეთოს. იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალებს“ მხარს უჭერენ და ამ სცენარის ბრმა იარაღად მოიაზრებიან, მინდა ვუთხრა, რომ გონს მოეგონ. დღეს სამართალდამცავი უწყებები აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ფლობენ. საკმარისზე მეტი რესურსი გვაქვს, რომ კი არ გავუმკლავდეთ, არამედ ძირშივე აღვკვეთოთ ეს ყოველივე. უმჯობესია, ბოროტი ზრახვები ამოიგდონ თავიდან.
ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი არ მეპარება, რადგან „ნაციონალების“ ხელწერას მე კარგად ვიცნობ“, – განაცხადა სესიაშვილმა „კვირასთან” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები