ხვალ დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეას ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი საჩუქრად გადაეცემა

 ხვალ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის – ,,შველი წყლის პირას“ ეროვნული მუზეუმისთვის საჩუქრად გადაცემის ცერემონია გაიმართება.
“სურათი ციციშვილი-გედევანიშვილის ოჯახში 1949 წლიდან 2011 წლამდე ინახებოდა. 2011 წელს სურათმა დატოვა საქართველო და Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდა. „შველი წყლის პირას“ იმავე აუქციონზე მეორედ 2016 წელს გამოჩნდა. ნამუშევარი ცნობილმა მეცენატმა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადასცა. ის არასდროს ყოფილა გამოფენილი ფართო საზოგადოების წინაშე”, – განუცხადეს „კვირას“ ეროვნულ გალერეაში.
ცნობისათვის: ცნობილმა მსახიობმა, თამარ ციციშვილმა (1908-1988) და აკადემიკოსმა დიმიტრი გედევანიშვილიმა (1902-1990) სურათი „შველი წყლის პირას“ 1949 წელს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს – ერთ საღამოს სეირნობისას უცნობ სახლთან შეჩერდნენ, მასპინძელმა იცნო მსახიობი და სახლში მიიპატიჟა. თამარ ციციშვილმა, რომელიც წლების მანძილზე მეტეხის მუზეუმში მუშაობდა და კარგად იცნობდა ფიროსმანაშვილის ხელწერას, შესვლისთანავე შეამჩნია კედელზე დამაგრებული სურათი. ყოფილი მფლობელის თქმით, სურათი მასთან „თეთრი დუქნიდან“ მოხვდა. თამარ ციციშვილმა ოჯახს სთხოვა, მისთვის მიეყიდათ ნამუშევარი. მასპინძელმა გაყიდვა არ ისურვა და სურათი მსახიობს აჩუქა. ფიროსმანაშვილი პირველი ანიმალისტია ქართულ მხატვრობაში. მის შემოქმედებაში შველს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შველი მას რამდენჯერმე ჰყავს დახატული, თუმცა აღნიშნული სურათი საუკეთესო ვერსიადაა მიჩნეული. დღეიდან „შველი წყლის პირას“ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ფიროსმანის სხვა სურათებთან ერთად გამოიფინება, – აღნიშნულია  დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები