ეუთო: 2012 წლის საარჩევნო კამპანიასთან შედარებით ამჟამინდელი თავისუფალი და გამჭვირვალეა

2012 წლის საარჩევნო კამპანიასთან შედარებით, ამჟამინდელი კამპანია უფრო თავისუფალი და გამჭვირვალეა. ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის შუალედურ დასკვნაშია აღნიშნული. როგორც ანგარიშში წერია, 8 ივნისს, საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, ღონისძიებები შედარებით მცირემასშტაბიანი იყო. დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, მათ შორის შეტაკებები კამპანიის წარმომადგენლებს შორის, ასევე პარტიის ოფისებისა და საარჩევნო მასალების დაზიანება.
ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე მეტად ცნობადი პარტიებია. მასმედიაში ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს შორის მუდმივი სიტყვიერი დაპირისპირებები ფიქსირდება“, – ნათქვამია ანგარიშში.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური თვალყურს ადევნებს, თუ რამდენად სრულდება პარტიისა და კამპანიის დაფინანსების რეგულაციები, იძიებს ასევე დარღვევებს. ბოლოდროინდელი ცვლილებებით, ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული რეკომენდაციები, რომლებიც ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა წარმოადგინა.
„მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მის მეტ თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ ჯერ კიდევ სახეზეა ინციდენტები ზოგიერთ მედიასაშუალებასთან დაკავშირებით. საარჩევნო კოდექსში ბოლოს განხორციელებული ცვლილებებით, საზოგადოებრივ და კერძო მაუწყებლებზე, კვალიფიციური სუბიექტებისთვის გამოყოფილი უფასო საეთერო დრო შემცირდა, რაც მთელი რიგი პოლიტიკური პარტიისთვის შეშფოთების საგანი გახდა”, – ნათქვამია ანგარიშში.
არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საგარეო საქმეთა მინისტრს, ცესკოს წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე ეუთოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს შეხვდა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ კონტაქტები დაამყარა პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მასმედიის წარმომადგენლებთან და არჩევნებში მონაწილე სხვა მხარეებთან.
”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აპირებენ დამკვირვებლების გამოგზავნას, რათა კენჭისყრის დღეს დააკვირდნენ. არჩევნებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიამ ბრიფინგები გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციებისთვის. კენჭისყრის დღეს მონიტორინგს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპარლამენტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები ერთობლივად განახორციელებენ”, – ნათქვამია შუალედურ ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები