სინგაპურის პოლიციამ მამაკაცი და ქალი დააკავა, რომლებმაც აეროპორტის სატრანზიტო ზონაში iPhone 7-ის შესაძენად შეაღწიეს
სინგაპურის პოლიციამ ორი პირი – მამაკაცი და ქალი დააკავა, რომლებმაც აეროპორტის სატრანზიტო ზონაში iPhone 7-ის შესაძენად შეაღწიეს. ისინი არსად გაფრენას არ აპირებდნენ, რაც კანონის დარღვევაა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დაკავებულებს 735 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ და ორწლიანი პატიმრობაც ემუქრებათ.
სინგაპურში კომპანია Apple-ს საფირმო მაღაზია არა აქვს, მისი შეძენა მხოლოდ ინტერნეტით არის შესაძლებელი. რიტეილერების მიერ შეტანილი iPhone 7-ის პირველი პარტია სინგაპურში გასულ კვირას მთლიანად გაიყიდა. კომპანია Apple-მა ახალი სმარტფონები – iPhone 7 და iPhone 7 Plus 8 სექტემბერს წარმოადგინა. მათ წყალგაუმტარი კორპუსი, ასევე წინა მოდელებთან შედარებით, ძლიერი პროცესორი და უახლესი 12 მეგაპიქსელიანი ფოტო და ვიდეოკამერები აქვთ.