როგორ აშანტაჟებდა გიგი კალანდაძე ჯოლოხავას

  ყოფილი პატიმარი გოდერძი ჯოლოხავა, გაზეთ „ქრონიკა +”-სთან ინტერვიუში გენერალ გიგი კალანდაძესთან შეხვედრას იხსენებს. ჯოლოხავა კალანდაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შანტაჟზე საუბრობს.
„აპრილია, ჩამოვდივარ სადარბაზოსთან ფონიჭალაში. შევნიშნე, რომ მანქანა დგას. მანქანიდან ვიღაც მეძახის, გოდერძი, როგორ ხარ, ბიჭოო? შუშა ჩამოწეულია, ვიცანი სახეზე გიგი კალნდაძე. ტელევიზორში მყავდა ნანახი და ვიცანი. მითხრა, დაჯე მანქანაშიო და ჩავჯექი. კონკრეტულად ახალაიას საქმეზე თუ იყო, არ ვიცოდი, მაგრამ რაღაც სამხედრო საქმე რომ ფიგურირებდა გამოძიებაში და გენერალი იყო, ვიცოდი. თან იმის იმედი მქონდა, ჩემს სახლთან ბავშვები ჰყავდა ხალხს, ბევრი ადამიანი ტრიალებდა. ამიტომ არ შემეშინდა. შავი „მიცუბიშის” ჯიპით იყო, ნომერი არ ვიცი. კალანდაძე წინ იყო. საჭესთან იჯდა ჩემთვის იმ დროისთვის უცნობი პირი. კალანდაძე მეუბნება, – რა ხდება, ბიჭო, ცოტა უფრო ჭკვიანი მეგონეო, ეს რაებს აკეთებო? – რასთან დაკავშირებით მეკითხები, ბატონო გიგი-მეთქი? – ასე მივმართე ზუსტად. – ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება რომ მიეცი, რამ მიგაცემინა ეს ჩვენებაო? სიმართლეც რომ ყოფილიყო, ჭკვიანი კაცი ამას არ იზამდაო. მანქანა ცოტა მოშორებით გადავაყენეთ. ამ ლაპარაკში გიგი კალანდაძემ მითხრა, – ახლა ისეთ რამეებს გაჩვენებ, დაგაინტერესებსო. ამოიღო და მაჩვენა ჩემი სატელეფონო კავშირები, ვისთან ვლაპარაკობდი. – ჩვენ კიდევ გვაქვს ამის ბერკეტები, შენ რა გგონია, ეს ხელისუფლება დროებითაა მოსული, მიშა დაბერტყავს, პარლამენტი დაიშლება და აქ ისევ ჩვენ ვიქნებითო. შენთვის კარგი რომ გვინდა, იმიტომ გელაპარაკებიო. ამონაწერის მერე მანახა ჩემი შვილისა და ძმისშვილის სურათები, – ესენი თუ გიყვარს, ასეთი რაღაცა არ უნდა გაგეკეთებინაო. უმძიმეს მდგომარეობაში ჩავვარდი. დაუფიქრებლად ვუთხარი, – რა გინდა, თანახმა ვარ ყველაფერზე-მეთქი. – თუ თანახმა ხარ, შენი კონტროლი რომ არ გვიჭირს, ხომ ხედავ, ახლა პოლიციაში რომ წახვიდე, ან დარეკო, დამთავრებული არ გექნება ლაპარაკი, ეს უკვე მე მეცოდინებაო. ამიტომ მომდევნო შეხვედრაზე არ მოვალ და ზღაპარი აღმოჩნდება შენი შეტყობინებაო. დავიფიცე, – სიტყვას გაძლევ, რასაც დამავალებ, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. – თუ წესიერად მოიქცევი, მესამე დღეს შევხვდებითო, – მითხრა გიგი კალანდაძემ.
ორი დღის შემდეგ, იმავე მანქანით, იმავე ადგილას მე, გიგი კალანდაძე და ისევ ის უცნობი პირი შევხვდით. გიგი კალანდაძის გეგმა გახლდათ შემდეგი – ახალაიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება იყო ქ-ნ ირმა ინაშვილის, თეა წულუკიანისა და არჩილ კბილაშვილის მიერ შეთითხნილი, რომ ისინი მაიძულებდნენ, ჩვენება მიმეცა, გამომდინარე იქიდან, რომ ვიჯექი ჯემალ გუნდიშვილთან და „კოჭოიასთან”. თითქოს იუსტიციის მინისტრი მეუბნებოდა, რომ თუ არ მივცემდი ჩვენებას, უკანვე შემაბრუნებდნენ.
თეა წულუკიანთან შეხვედრისას მინისტრს მსგავსი არაფერი უთქვამს, ეს იყო გიგი კალანდაძის გეგმის ნაწილი. ამათი გეგმის ნაწილი იყო ისიც, რომ უნდა მეთქვა, – პროკურატურაში დაკითხვა მოხდა ფორმალურად, დაწერილი ჩვენება დამახვედრეს და მე მხოლოდ ხელი მოვაწერე-მეთქი, რომ ყველაფერი მათ მოიგონეს. ამ გეგმის განხორციელების გზა იყო ასეთი – უნდა მივსულიყავი„ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, რომ ვეძებდი თეა თუთბერიძეს. იქ მეტყოდნენ, – თეას აქ რა უნდა? ჩვენი გუნდის წევრი არ არის, მისი ნახვა ბაჩანა ახალაიას პროცესზე შეიძლება, რომელიც ხვალ იმართებაო. იქ ვიტრიალებდი. მეორე პროცესზე უნდა მენახა გიორგი ონიანი, რომელიც მომცემდა თეას ნომერს, ისე, რომ არც მკითხავდა, ვინ ვიყავი. ამის შემდეგ უნდა დამერეკა თეა თუთბერიძისთვის სასამართლოს ეზოდან, უნდა მეთქვა, რომ ჩვენების შეცვლა მინდა, რაზეც თეა მეტყოდა, – მოგვიანებით დამირეკე, ახლა არ მცალიაო.
მეორე დარეკვის მერე თეა თუთბერიძე მაძლევდა ბაჩოს მეუღლის ნომერს, ამის შემდეგ ბაჩოს მეუღლეს არ დავურეკავდი, პროცესზე მივიდოდი, სადაც ვნახავდი გიგი კალანდაძეს, რომლისთვისაც უნდა მეთქვა, რომ ვინც ბაჩოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა, მისი ნათესავი ვარ, მას უნდა ჩვენების შეცვლა და ქვეყნიდან წასვლა-მეთქი.
ეს გეგმა მომიყვა გიგი კალანდაძემ და სწორედ ასე გავაკეთე ყველაფერი. იმ მომენტში რამდენიმე ნომერი მქონდა და ზუსტად არ მახსოვს, რომელი ნომრით დავრეკე. მის ნომერზე ჩემი ზარი დაფიქსირებულია. არა მხოლოდ თუთბერიძესთან, „რუსთავი 2″-შიც დავრეკე, რომ ჩვენების შეცვლა მინდა. გეგმის ნაწილი იყო ასევე ჩემი ფარული ჩაწერა, სადაც გულახდილად უნდა მელაპარაკა, რომ კეზერაშვილის საქმეზე პროკურატურა ჩემგან ჩვენებას ითხოვს. ამავესაუბარში უნდა მეთქვა, რომ ახალაიას მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობდი და ასევე დავით საყვარელიძეს. ეს ფარული ჩანაწერები ნამდვილად გაკეთდა და გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა ვარიანტი, გარდა გამოქვეყნებულისა, კიდევ გამოაქვეყნონ”, – აცხადებს ჯოლოხავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები