სოსო შატბერაშვილი: შალვა ნათელაშვილმა “რუსთავი 2”-ს 100 ათასი გადაურიცხა

„მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი სოსო შატბერაშვილი პროკურატურას მიმართავს და მოუწოდეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის ქონებით დაინტერესდეს.
როგორც შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნათელაშვილის დეკლარირებულ ქონებასთან გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემას სამართალდამცავებისგან ელოდება. მან საქართველოს მოსახლეობას სამართლიანი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„შალვა რად გინდა ასეთი დეპუტატობა თუ ჯანმრთელობა არ გექნება, ამიტომ წადი ისეთ წყნარ ქალაქში, როგორიც არის ვენა, სადაც შენ გაქვს 7-ოთახიანი აპარტამენტი, ან წადი კალიფორნიაში, სადაც გაქვს ვილა, რომელსაც „შალიკოს ვილას“ ეძახიან, ან ბაზალეთზე, შენს სასახლეში. მე მაინტერესებს, საიდან შეძლო ნათელაშვილმა ამ ქონების დაგროვება,“ – განაცხადა დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
შატბერაშვილი იმ გაურკვევლ თანხაზეც საუბრობს, რომელიც, მისივე თქმით, ნათელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გადაურიცხა.
“29 აგვისტოს ხელშეკრულებით, ნათელაშვილმა 100 000 გადაურიცხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, მაინტერესებს, საიდან აქვს ეს ფული”,-აცხადებს შატბერაშვილი.
მისივე თქმით, ნათელაშვილი წლებია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში იმყოფება და ამის დასამტკიცებლად “მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.
“ის გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობს“. ისრაელის მოქალაქე, ვინმე ანატოლი ლოტკინმა მას მიუტანა ვენაში დიდი თანხა, რომელიც ბელა ალანიამ განათავსა ავსტრიის ბანკში. როგორც მერე გავარკვიეთ, ეს ანატოლი ლოტკინი არის სააკაშვილის პირადი მოლარე.
ამავე ანგარიშზე 98 000 ევროც არის განთავსებული 2009 წელს, 117 000 არის 2010 წელს და 118 000 ევრო – 2011 წელს. საიდან ეს თანხები ან რისთვის? მე მოვუწოდებ თქვენი სააგენტოს საშუალებით პროკურატურას, დაიბარონ დაკითხვაზე ანატოლი ლოტკინი და ჰკითხონ, რისთვის მიუტანა ფული ნათელაშვილს“,-აცხადებს შატბერაშვილი
შატბერაშვილი ნათელაშვილს დებატებში იწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ყოფილ თანაგუნდელს სიურპრიზს ჰპირდება. „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერი ნათელაშვილთან შეხვედრას იმ დროს გეგმავს, როდესაც მას მოსახლეობასთან შეხვედრა ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები