ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს პირველ ეტაპზე 11 პროექტს დააფინანსებს. პრიორიტეტები თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა. მის მიერვე მოხდა პროექტების შედგენა, რომელიც დასამტკიცებლად რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარუდგინა.
დამტკიცებული პროექტების მიხედვით ქალაქ ზუგდიდში დაგეგმილია: შიდა საავტომობილო გზებისა და ტროტუარების, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაცია; ყინულის მოედნის მშენებლობა,გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, ახლის მშენებლობა; მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, მრავალბინიანი სახლების სახურავების, ყოფილი ენგურქაღალდ კომბინატის უბანში კულტურის სახლის, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია, ახლის მშენებლობა რუსთაველის, რიგისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე; ბოტანიკური ბაღის კეთილმოწყობა.
თანხის ნაწილი ზუგდიდის სოფლებს მოხმარდება: დაიწყება ანაკლიის თემის ცენტრში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების პროექტირება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება გზას – სოფელ ორსანტიის ცენტრიდან ოტობაიას ხიდამდე.
პროექტების საერთო ღირებულება 5 334 810,4 ლარს შეადგენს. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.