მიზეზებს განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტო გორის ბაზრის დახურვის მიზეზად ბაზარში არსებული მდგომარეობის კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობას ასახელებს. “გორის აგრარულ ბაზარს სპეციალისტებმა საწარმოო პროცესი სახელმწიფო კონტროლის შედეგად აღმოჩენილი 11 კრიტიკული შეუსაბამობის გამო შეუჩერეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა 10 არაკრიტიკული შეუსაბამობა და, ბიზნესოპერატორთან შეთანხმებით, მისი გამოსწორების ვადა დაწესდა. ბაზარში არსებული მდგომარეობა ვერ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. სურსათის რეალიზაცია ხდებოდა ანტისანიტარულ პირობებში, ყველანაირი ჰიგიენური ნორმების დაუცველად. ასეთ პირობებში გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი მომხმარებლისთვის უსაფრთხო ვერ იქნება. გორის აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი მომხმარებელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეუჩერდა”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორის აგრარულ ბაზარში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას დაფიქსირდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები – ტერიტორიაზე განთავსებული ინვენტარი და აღჭურვილობები არ გამორიცხავს სურსათის დაბინძურებას; შენობაში ხდება ჭუჭყის დაგროვება; არ ხდება ხორცის რეალიზაცია ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, ხორცის შესანახ მაცივარში არ არის თერმომეტრები; იატაკი არ არის ადვილად გასაწმენდი და დეზინფიცირებადი და არ იძლევა ეფექტური დრენაჟის საშუალებას; კედელი არ იძლევა ადვილად გაწმენდისა და დეზინფიცირების საშუალებას; ჭერი არ არის ადვილად გასაწმენდი, ხდება ჭუჭყის დაგროვება და დამაბინძურებლების წარმოქმნა; ხორცის, რძისა და სხვა პროდუქტების დახლების ზედაპირები არ იძლევა ადვილად გაწმენდისა და დეზინფიცირების საშუალებას; ხორცის ჩამოსაკიდი ხარიხები და კაუჭები კოროზირებულია; სავაჭრო ობიექტის დახურულ პავილიონში და ტუალეტში არ არის ცივი და ცხელი წყალი; არ ხდება აღჭურვილობების დეზინფიცირება (დანა, ნაჯახი, ხორცის საჭრელი კუნძი) დეზინფიცირება; სავაჭრო ობიექტი არ არის აღჭურვილი ნაგვის კონტეინერებით, დროულად არ ხდება ნარჩენების და ნაგვის გატანა და ადგილი, სადაც ხდება ნარჩენების განთავსება, არ არის დაცული ცხოველებისა და პარაზიტებისგან, რაც შეეხება არაკრიტიკულ შეუსაბამობებს, შენობა არ არის დაცული დამაბინძურებლებისგან; ტუალეტი არ არის ისეთი, რომ ადვილად ხდებოდეს მისი დასუფთავება, დეზინფიცირება და არ არის აღჭურვილი ჰიგიენური საშუალებებით; გასანათებელი მოწყობილობები არ არის დაცული დამცავი ფარებით; შენობა არ არის დაცული მღრღნელების, ცხოველებისა და დამაბინძურებლებისგან; არ ხდება სადეზინფექციო, სადერატიზაციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება და აღრიცხვა (ბაზრის ღია ტერიტორიაზე); ფანჯრებში ხდება ჭუჭყის დაგროვება; შესანახი მაცივრები არ არის სუფთა მდგომარეობაში და არაერთგვაროვანი პროდუქცია არ არის განცალკევებული; სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება არ არის აღრიცხული; პერსონალი არ იყენებს დამცავ ტანისამოსს; ბიზნესოპერატორი არ აწარმოებს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ სარეალიზაციო ობიექტში ან საწარმოში ფიქსირდება კრიტიკული შეუსაბამობა, მას უჩერდება რეალიზაციის პროცესი და ეკისრება საჯარიმო სანქცია 1000 ლარის ოდენობით. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნეს ოპერატორად რეგისტრირებულია
70-მდე აგრარული ბაზარი. 2013 წელს 30 ბაზარში ჩატარდა ინსპექტირება და აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო 5 მათგანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. მათ შორის იყო ბათუმისა და ზესტაფონის აგრარული ბაზრები.