გურამ ადამაშვილი: ხათუნა ლაგაზიძისთვის საარჩევნო სიაში ე.წ. გამსვლელი ადგილი არ მოიძებნა

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არჩევნების ბოლომდე არჩეული პარტიის იდეოლოგიის ერთგულნი დარჩნენ და საზოგადოებაში დაბნეულობა არ შეიტანონ.
“პოზიციის” ხელმძღვანელის, გურამ ადამაშვილის განცხადებით, ხათუნა ლაგაზიძის მიერ პაატა ბურჭულაძის პარტიის – “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვება საზოგადოებაში ეჭვებსა და კითხვებს ბადებს.
მისი ვარაუდით, ლაგაზიძის მიერ კოალიციის დატოვება საარჩევნო სიაში არასასურველმა ადგილმა გამოიწვია და არა კოალიციაში “გირჩისა” და ვაშაძის პარტიის გაერთიანებამ.
“თუ ხათუნა ლაგაზიძეს ბურჭულაძის პარტიიდან წამოსვლის რეალური მიზეზი ის იყო, რომ პარტიას “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტები შეუერთდნენ, მაშინ ამ ფაქტის გახმაურებისთანავე რატომ არ დატოვა მან “სახელმწიფო ხალხისთვის”, როგორც ეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, მერაბ მეტრეველმა გააკეთა?! ბუნებრივია, პასუხი მარტივია – მისთვის საარჩევნო სიაში ე.წ. გამსვლელი ადგილი არ მოიძებნა და ეს გახდა მისი წამოსვლის მიზეზი, რასაც “გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც ადასტურებს, როდესაც მან აღნიშნა, რომ ბურჭულაძის პარტიასთან მათ შეერთებას ლაგაზიძე ოვაციებით შეხვდა”, – აღნიშნა ადამაშვილმა.
ხათუნა ლაგაზიძემ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. ლაგაზიძემ ბურჭულაძის მოძრაობიდან წამოსვლის მიზეზად, “გირჩთან” და გიორგი ვაშაძის პარტიასთან კოალიციაში შესვლა და სიაში კონკრეტული პირების კრიმინალურ ავტორიტეტთა ზეწოლით შეყვანა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები