სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა და ლატვიის იუსტიციის მინისტრმა, დზინტარს რასნაჩსმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებისა,   პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის განცხადებით, მხარეთა პრიორიტეტს წარმოადგენს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემებში აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

„როგორც ლატვიას, ისე საქართველოს აქვს საუკეთესო გამოცდილება პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში რეფორმების მიმართულებით, ამიტომაც თანამშრომლობის საფუძველზე, შეგვიძლია ხანმოკლე დროში ეფექტური ცვლილებების დანერგვა“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ლატვიის იუსტიციის მინისტრის, დზინტარს რასნაჩსის განცხადებით, მემომრანდუმი საუკეთესო დასაწყისია ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის გზაზე.

„საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა დზინტარს რასნაჩსმა.

ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დარგობრივი პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ლაილა მედინას განცხადებით, როგორც ქართულ, ასევე ლატვიურ სისტემას მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელების კარგი გამოცდილება აქვს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით, დასრულდა ლატვიის იუსტიციის მინისტრის ოფიციალური, ორდღიანი ვიზიტი, რომელიც საქართველოს კახა კახიშვილის მოწვევით სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში, დზინტარს რასნაჩსი სამინისტროს რეფორმების ანგარიშის პრეზენტაციასა და თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ლატვიელი მინისტრმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მოინახულა N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილთან ერთად ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები