თურქეთში 11 ათასზე მეტი მასწავლებელი იძულებით შვებულებაში გაუშვეს
თურქეთში, „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირის გამო, 11 ათასზე მეტი პედაგოგი იძულებით შვებულებაში გაუშვეს. თურქეთის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში, ანაზღაურებად შვებულებაში გამოძიების მსვლელობის პერიოდში 11 ათას 285 პედაგოგი გაუშვეს.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, იძულებით შვებულებაში გაშვებულ პედაგოგთა რიცხვმა, შესაძლოა, 14 ათასს მიაღწიოს. მთლიანად ქვეყანაში, დღეს 850 ათასი პედაგოგია.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს ათასობით ადამიანი. კერძოდ, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის გამო, სამსახურიდან დაითხოვეს 80 ათასი ადამიანი, მათ შორის სამხედროები, მოსამართლეები, ჟურნალისტები, ასევე უმაღლესი სასწავლებლების დეკანები და პედაგოგები. სამხედრო ამბოხების გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 35 ათასი ადამიანი.