ბიძინა ივანიშვილი: “რესპუბლიკელები” ინტელექტუალურ რესურსს არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარ პარტიას ახმარენ
„ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები“, – ასე შეაფასა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციაში „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური როლი ოთხი წლის განმავლობაში.
ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და წევრები, მხოლოდ საკუთარი პარტიის იმიჯზე ფიქრობენ და ნაკლებად არიან ორიენტირებულნი სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილთან ურთიერთობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი ძალიან კარგი იურისტია.
თუმცა, მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები საკუთარ პოლიტიკურ გამოცდილებას კოალიციაში ნეგატიურად წარმოაჩენდნენ.
„ეს პარტია ახერხებს საკუთარი თავის მოფერებას. „რესპუბლიკური პარტიისთვის“ სახელმწიფო იწყება „რესპუბლიკური პარტიიდან და სრულდება “რესპუბლიკური პარტიით“. დავით უსუფაშვილთან მქონდა ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა. ყველაზე მეტად მასთან ვსაუბრობდი. ძალიან დიდ დროსაც ვხარჯავდი და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ პოლიტიკაში საკუთარ გამოცდილებასა და იურიუდიული განათლებას, კოალიციის განვითარებისთვის გამოიყენებდნენ და კოალიციას პოზიტიურად წაადგებოდა. იმედი მქონდა, რომ კოალიციასაც ამ გზით განავითარებდნენ. საუბედუროდ მოხდა საპირისპირო, მათ ვერ მოახერხეს ამ თვისებების დანერგვა კოალიციაში. უფრო მეტიც, ისინი იყვნენ ცუდი პატრნიორებიც. მთელი ოთხი წლის განმავლობაში. მე, ძალიან დინჯად თვალყურს ვადევნებდი მათ ნაბიჯებს. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ თემებში და ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხებში, „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტშიც ოპოზიციურ როლში გვევლინდებოდნენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და კონკრეტული მაგალითიც დაასახელა.
„კერძოდ, როდესაც პარლამენტში შს სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახური გამოყოფის საკითხი იხილებოდა, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ განახორციელა. რა თქმა უნდა, ვერცერთი პროექტი ვერ იქნება იდეალური და საბოლოო, ყველა პროექტს მომავალში განვითარება სჭირდება, მაგრამ ეს ნაბიჯი იყო ძალიან საინტერესო. პროექტის განხილვისას, ვნახეთ რომ ვახტანგ ხმალაძე, რომელიც არის ძალიან კარგი იურისტი, უსუფაშვილიც არის ძალიან კარგი იურისტი, არიან ძალიან ბევრი განათლებული იურისტები, მაგრამ რა დავინახეთ ჩვენ? ჩვენ დავინახეთ რომ, მათი ცოდნა საქმეს საწინააღმდეგოდ მოხმარდა. არა სასარგებლოდ. როდესაც ვახტანგ ხმალაძე და დავით უსუფაშვილი დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ. მხედველობაში მაქვს „გასაღების“ თემა. როგორც გახსოვთ მოსმენების საკითხი, როგორი პრობლემა იყო საქართველოში, დღეს, არცერთი შემთხვევა აღარ არის, რომ უსაფრთხოების სამსახური ამას ბოროტად იყენებდეს. მოსმენები მაქვს, მხედველობაში… ეს მცოდნე იურისტები იმდენად გაერთნენ, რომ დღეში ორ-ორ ახალ პროექტს იგონებდნენ, სწორედ აქ გამოიკვეთა „რესპუბლიკელების“ დამოკიდებულება. მათ ჰქონდათ სწორედ ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ როგორმე დაესუსტებინათ პოლიცია და როგორმე დაესუსტებინათ უსაფრთხოების სამსახური. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მათმა ცოდნამ, მათმა განათლებამ იურისპონდენციის საკითხებში, რომ ისინი რეალურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად გაერთიანებულები მხარს არ უჭერდნენ ამ კანონპროექტის განხილვის საკითხს. იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ მათ სურვილი ჰქონდათ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, დაესუსტებინა პოლიცია და სახელმწიფო სტრუქტურები, აქ მათი როლი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრაში მოვიდა. ამ მცოდნე იურისტებს ავიწყდებოდათ მთავარი, რომ უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი ძირითად სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ის რომ, ხმალაძე-უსუფაშვილი ყოველმხრივ ცდილობდნენ, რომ მოეფიქრებინათ ისეთი რამ, მათ ჩვეულებრივი მოქალაქეების მოსმენები არ შეძლებოდათ. ამ დროს ავიწყდებოდათ, რომ დიდი ხიფათი ჩნდებოდა. სწორედ ეს მაქვს მხედველობაში, რომ მათი ცოდნა პოზიტიურად არ წარადგა არც ოპოზიციასა და არც სახელმწიფოს. ყოველთვის და ძალიან ხშირად ასე ხდებოდა. კიდევ შემიძლია სხვა საკითხებიც დავასახელო, სადაც ისინი უარყოფითად წარმოჩინდებოდნენ. მათ არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. ისინი ინტელექტუალურ რესურსს საკუთარ პარტიას ახმარენ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.