ბიძინა ივანიშვილი: 500-ზე მეტი ძეგლი აღვადგინე და ამაზე არავინ საუბრობს, ხეზე უნდათ რომ გადაიტანონ ყურადღება
500-ზე მეტი ძეგლი აღვადგინე და არავინ არ იცის, ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ რომ გადაიტანონ ყურადღება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში, ადგილობრივ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ექსპრემიერმა “ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აღზევებულ ბავშვებს შევხვდი ბათუმში, რომლებმაც ჩემთან შესახვედრად ხეები მოიტანეს. მათ ჰგონიათ, რომ ხეში ნახავენ რაღაც ისეთს, რომ ჩემში ცუდი აღმოაჩინონ, მაგრამ ვინც ჩემს მოღვაწეობას იცნობს საქართველოში, მან იცის, რომ მე დავიწყე ჩემი საქმიანობა ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის აღდგენით. საკუთარ თავზე და საკუთარ გაკეთებულზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ განსაკუთრებულად ხეები მიყვარს, მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ადამიანები მიყვარს. ყველაფერი თანმიმდევრულად და სწორად მაქვს დალაგებული. ჩემი ქვეყანა მიყვარს და ხეებსაც მისწვდა და ბუნებასაც მისწვდა ჩემი სიყვარული. ეს ისე უნდათ წარმოაჩინონ, რომ თითქოს მხოლოდ ხეებია. მე მიყვარს ჩვენი ისტორია, ძალიან მიყვარს ჩვენი კულტურა და ძალიან ვცდილობ, რომ როგორმე დავეხმარო. 500-ზე მეტი ძეგლი აღვადგინე და არავინ არ იცის, ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ რომ გადაიტანონ ყურადღება, თითქოს მეტი საზრუნავი არ აქვს ივანიშვილს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.