ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი გარკვეული ტიპის პროვოკაციები

„გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი გარკვეული ტიპის პროვოკაციები“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პროვოკაციები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, “ქართული ოცნება“ ამის თაობაზე სამართალდამცველებს მიმართავს.
„როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი გარკვეული ტიპის პროვოკაციები. თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს,ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს. სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია. ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, საუბარია პროვოკაციებზე.
პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ჩვენ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში ჩვენც მივმართავთ სამართლადამცავ უწყებებს და ალბათ თავად ისინიც დაინტერესდებიან ამ ყველაფრით. ჯერ-ჯერობით გვაქვს ასეთი მდგომარეობა.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარკვეული სახის პროვოკაციებია დაგეგმილი, ამ პროვოკაციების განხორციელებისთვის მათ შეიძლება გამოიყენონ როგორც უშუალოდ თავიანთი სტრუქტურები,მაგალითად „ნაციონალურმა მოძრაობამ “თავისუფალი ზონა“, ასევე მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები. ეს შეიძლება იყოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს , რომელს გამოიყენებენ პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები განხორციელებული იქნება“, -განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და პროვოკაციების გარეშე.
„ ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნებზე, როგორც მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
გუშინდელი ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება. ჩვენი თვითმიზანი არ არის, რომ რაიმე სახის პროვოკაციაზე წინასწარ ვისაუბროთ და მერე ეს მოხდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანაა პრევენცია, რომ ჩვენს ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდში, არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ზუგდიდის მცირე ინციდენტს, იქ ჩვენი აქტივისტები ჩართული არ ყოფილან. ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია ზუგდიდთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენი აქტივისტები ჩართული არ ყოფილან ამ ინციდენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები