დავით ხუციშვილმა საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი 2016 გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით ხუციშვილმა დღეს ტექნოპარკში გამართული ინტერნეტის მართვის საკითხებთან დაკავშირებული ყოველწლიური კონფერენცია – საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი -2016 გახსნა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანაორგანიზატორობით გაიმართა.
დავით ხუციშვილმა აღნიშნა, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტზე საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომლის მიზანიცაა ქვეყნის 2 000-მდე დასახლებულ პუნქტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა, დაშვების წერტილების მოწყობა და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობისთვის ფართოზოლოვან მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება ოპერატორებს საშუალებას მისცემს, მომსახურება გაუწიონ მოსახლეობას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდე ფართოზოლოვანი მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, ასევე, გააუმჯობესონ არსებული მომსახურების ხარისხი იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც  მოსახლეობას ინტერნეტი დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ინტერნეტში პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ხელშეუხებლობის, ცენზურისა და თვითცენზურის, საავტორო უფლებების ხელყოფის, სიძულვილის ენის და ძალადობისკენ მოწოდების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, აზრის დაუბრკოლებლად გავრცელების, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, ინფორმაციის ღიაობისა და სხვა საკვანძო საკითხებთან.
შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა ყუბუსიძემ. კერძოდ, მან ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით, ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ბაზისა და პლატფორმის განვითარების და ამ პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები