ობამამ დუტერტესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფილიპინების ლიდერთან, როდრიგო დუტერტესთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რადგანაც ფილიპინების პრეზიდენტმა ობამას მისამართით უხეში სიტყვები გამოიყენა, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ობამას და დუტერტეს შეხვედრა ლაოსში უნდა გამართულიყო.
მანამდე ფილიპინების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ მისცემს უფლებას ბარაკ ობამას „მას ადამიანის უფლებებზე ლექცია წაუკითხოს“.
ფილიპინების პრეზიდენტს საერთაშორისო თანამეგობრობა და უფლებადამცველები ნარკომაფიასთან ბრძოლის მეთოდების გამო აკრიტიკებენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო ორ თვეში ნარკომაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს ორი ათასი ადამიანი დაიღუპა. ფილიპინების პოლიცია ამ ადამიანების დაღუპვის გარემოებებს განიხილავს.