წალენჯიხაში გზებისა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია დაფინანსდა
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების მიზნით, პირველ ეტაპზე 6 პროექტი დაამტკიცა. პრიორიტეტები თავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაზღვრა.
წარმოდგენილი პროექტების თანახმად, ქალაქ წალენჯიხაში ცენტრალური უბნების შიდა ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება – მოეწყობა ასფალტობეტონის საფარი; დაგეგმილია სოფელ ეწერში ეწერი-ოჭანე-ზედა საჩინო-საჩინო-ჩქვალერი წყალმომარაგების მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. გადაიხურება ჭალეს თემის ფოხო-ეწერის დასახლებაში 2 მრავალბინიანი და ქალაქ ჯვარში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები; თანხის ნაწილი დაიხარჯება წალენჯიხაში საპირფარეშოს მშენებლობისა და თამარ მეფის, სალიასა და გამსახურდიას ქუჩებზე ტროტუარების რეაბილიტაციისთვის.
სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება 1 143 300 ლარს შეადგენს. შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.