პრემიერი: მომდევნო 4 წლის განმავლობაში მმართველობაში ძირეული რეფორმები განხორციელდება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძირეული რეფორმები განხორციელდება მმართველობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტაში ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„ქვეყნის მთავრობა და ბიუროკრატიული აპარატი უნდა გარდავქმნათ ისე, რომ ის იყოს უფრო მეტად ორიენტირებული ჩვენი მოსახლეობის და საქმიანი ადამიანების საჭიროებებზე“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას აქვს ასევე კონკრეტული გეგმები ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით.
”ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ამ პერიოდის განმავლობაში რა ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის სწრაფი განახლებისთვის, იმისთვის, რომ სრულად დასრულდეს ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა. დასრულდეს ტურისტული მიმართულებებით გზების მშენებლობა, იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. ახმეტას ეს პირდაპირ შეეხება, ვინაიდან ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს, თუ როგორ გავზარდოთ ახმეტის სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს თუშეთის მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე ნაბიჯ-ნაბიჯ არის გაწერილი კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 4 წლის განმავლობაში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდეს განათლების სისტემაში.
”პედაგოგი იყოს უფრო დაფასებული. ისინი ნამდვილად იმსახურებენ მეტ დაფასებას სახელმწიფოს მხრიდან”, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა არსებული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობას.

”გონივრული საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და ამავე დროს ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში.

ჩვენი შემდგომი ამოცანაა ვისაუბროთ ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ რა თქმა უნდა ვერანაირი კომპრომისი ვერ იქნება ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები