“რეფორმების შედეგად, პენიტენციურ სისტემაში არნახული გარღვევა მოხდა”

უფლებადამცველ ნიკოლოზ მჟავანაძის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ, სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმების შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და სისტემა ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. მჟავანაძემ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ინგა გრიგოლიას “დღის ამბებში“ სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესი და ახალი, თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი დაწესებულებების მშენებლობა ახლაც გრძელდება.
„მგონი, ვთანხმდებით ყველა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც, უცხოელი ექსპერტებიც ასაბუთებენ, რომ ციხეში არნახული გარღვევა მოხდა. ამ სისტემაში ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, უამრავ უღირს ქმედებას ჰქონდა ადგილი. დღეს კი, კახა კახიშივილის ხელმძღვანელობით, ის ევროპული სტანდარტების შესაბამის სისტემად იქცა. აღსანიშნავია, რომ პროცესი კვლავ გრძელდება, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში, დაბა ლაითურში ახალი ციხე შენდება. მშენებლობები სხვაგანაც მიმდინარეობს“, – განაცხადა მჟავანაძემ.
მჟავანაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში პატიმრების მდგომარეობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ციხეში შესულ ადვოკატებთან თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფი პირები შეშინებულნი და სრულად დემორალიზებულნი აჰყავდათ. მჟავანაძის თქმით, ადრე არსებული „კაციჭამია“ სისტემა ახლა მთლიანად შეცვლილი და მოდერნიზებულია, ციხეებში მდგომარეობა, განხორციელებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად გამოსწორებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები