ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო

ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ სამართალდამცველებმა ბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს. ოჯახის წევრები მომხდარის გამო შოკირებულები არიან და ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.
„კვირას“ ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მოდელის, მარიშა მაისურაძის ყოფილი მეუღლეა.
„ტელევიიზით გავიგე მომხდარის შესახებ, არაფერი ვიცი, რა მოხდა. ჩვენ დიდი ხანია დაშორებულები ვართ. დაურეკეთ მის ამჟამინდელ მეუღლეს“ ,- განუცხადა „კვირას“ მარიშა მაისურაძემ.
„კვირა“ ეჭვმიტანილის ამჟამინდელ მეუღლეს, ნინა გვათუას დაუკავშირდა. ოჯახის ახლობლებმა „კვირას“ დაუდასტურეს, რომ დაკავებულია ბადრი ნათობაძეა.
„ ჯერ არაფერი არ არის დადასტურებული, შოკში ვართ… აღარ დარეკოთ“, – გვითხრა ნინა გვათუამ.
„კვირას“ ინფორმაციით, ნინა გვათუა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მერობის პერიოდში, მერიის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო.
ამასთან, „კვირასთვის“ ცნობილია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა პერსონალური ინფორმაციის გაცემისგან ადმინისტრაციაში თავი შეიკავეს.
„კვირა“ „ ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრსაც დაუკავშირდა, თუმცა მათ მომხდარის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე გასროლის შედეგად, 36 წლის იოსებ ჯოხაძე ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 32 წლის ზაქარია ჩიბუხაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით რესპუბლიკურ საავადმყოფოაშია მოთავსებული. ამ წუთებში, დაჭრილს საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ზაქარია ჩიბუხაშვილი იოსებ ჯოხაძის ადვოკატი იყო. შემთხვევამდე, ადვოკატი და მისი კლიენტი მანქანაში ისხდნენ და საუბრობდნენ. საჭესთან იოსებ ჯოხაძე იჯდა, ხოლო მძღოლის გვერდით მისი ადვოკატი.
აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, გარდაცვლილი სოსო ჯოხაძე საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ის ხვალ ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები