კასპის მუნიციპალიტეტს საერთაშორისო დონის სპორტ-კომპლექსი ექნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კასპის მუნიციპალიტეტში სპორტ-კომპლექსის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც “კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასტუმროს შენობას, საჭიდაო შეჯიბრებისთვის განკუთვნილ წრიულ დარბაზს, სავარჯიშო სპორტ-დარბაზსა და ფიტნეს დარბაზს. ასევე, დასრულდა საქვაბის და საპირფარეშოების სარემონტო სამუშაოები და აშენდა სრულიად ახალი კალათბურთის დარბაზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავენტილაციო სისტემის მონტაჟი.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, სპორტ-კომპლექსი ათასობით სპორტის მოყვარულს მოემსახურება. სპორტ-კომპლექსის რეაბილიტაცია 2015 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 2 469 049 23 ლარია. ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბლოკ-ჯორჯია“ ასრულებს.