თბილისში წელს უპრეცედენტო რაოდენობის ხე მოიჭრება – ნინო სულხანიშვილი

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, დედაქალაქში უპრეცედენტოდ ბევრი ხეა გამხმარი და წელს 70 ათასი ძირი ხის მოჭრა იგეგმება. ​
როგორც “სითი კვირას” ნინო სულხანიშვილმა განუცხადა, ​ძირითადად დაავადებულია ფიჭვნარის კორომები და მათი მასობრივად მოჭრაა საჭირო, რადგან დაავადება ჯანმრთელ ხეებზეც არ გავრცელდეს.
“ამ მხრივ საკმაოდ მოცულობითი სამუშაოა ჩასატარებელი, მაგრამ ამ ხეების მოჭრას და გატანას, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მთლიანი ბიუჯეტი არ ეყოფა. ქალაქში არასოდეს ყოფილა, რომ დაახლოებით 70 ათასი ძირი გამხმარი მცენარე მოეჭრათ, მაქსიმუმი შეიძლება მოჭრილიყო 10 ათასი ძირი, ისიც ძალინ იშვიათ შემთხვევებში,”- აცხადებს სულხანიშვილი.
​მისივე ინფორმაციით, თბილისის შემოგარენში, ოქროყანაში წელს 10 ათასი ხე-მცენარე მოჭრეს და ტერიტორია ფანჯრის მეთოდით, ანუ მთლიანად გაასუფთავეს გამხმარი ხეებისგან, მათ ნაცვლად კი, საგაზაფხულო რგვებისას 15 ათასი ნერგი, როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი ხე-მცენარეები დარგეს. ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ხეების დარგვისას გაითვალისწინეს მეცნიერთა რეკომენდაციები, კერძოდ, კორომი კლიმატისა და დაავადებების მიმართ უფრო მდგრადი რომ იყოს, აღარ უნდა დაირგას მთლიანად მონოკულტურები.
ნინო სულხანიშვილის ინფორმაციით, ხეები ასევე მასობრივად მოიჭრა კუს ტბის ტერიტორიაზე და გამზადდა საშემოდგომო რგვებისთვის.
„ფიტოსანიტარულ კვლევებს მუდმივად ვატარებთ, ყველაფერი დამოკიდებულია ბიუჯეტზე,“- აცხადებს სულხანიშვილი.
​მისივე თქმით, ეკოლოგიის საქალაქო სამსახურს, ასევე არ აქვთ ზუსტი სურათი, სად და რომელ ტერიტორიაზეა ყველაზე უფრო მეტად გამხმარი უბნები, თუმცა, სამსახურის წარმომადგენლები ამას აკეთებენ ვიზუალური დათვალიერებით.
წყარო city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები