რიმა ბერაძე აუდიტის სამსახურის დასკვნას უნდობლობას უცხადებს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას არ ენდობა.
მისივე თქმით, პროექტი, რომლის გამოც აუდიტის სამსახური ედავება, იყო უფასო სამედიცინო გამოკვლევა და არ იყო ერთჯერადი ღონისძიება.
ბერაძის ინფორმაციით, პედაგოგებმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე წლის მარტში მიმართეს, რასთან დაკავშირებითაც, თავის მხრივ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა
”აუდიტის სამსახურს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მე არ ვეთანხმები. როგორც მედიისგან შევიტყვე, მიმართავენ სასამართლოს. მე ვიტოვებ იმედს, რომ სასამართლო მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას. მე მჯერა კანონის უზენაესობის. დაველოდები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და თავისთავად ცხადია, მეც მივმართავ სასამართლოს, რადგან მიმაჩნია, რომ კანონი არ დამირღვევია. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 27 მარტს მომმართეს პედაგოგებმა და ჩემს მიერ ეს განცხადება გადაგზავნილი იყო ამ პერიოდში, როდესაც საარჩევნო პროცესი არ იყო გამოცხადებული. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, სიკეთის კეთების მეტი სადავო თუ არაფერი აქვს აუდიტის სამსახურს, ეს უკვე ძალიან კარგია“,- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის დაჯარიმებას მოითხოვს. როგორც გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, საქმე ეხება რიმა ბერაძის მიერ პედაგოგებისთვის უფასო გამოკვლევების ჩატარებას.
”დადგინდა დარღვევა, რადგან ღონისძიება გამოყენებულ იქნა პოლიტიკური პარტიის წევრის სასარგებლოდ და მიგვაჩნია, რომ პარტიის წარმომადგენლის სასარგებლოდ განხორციელებულია 2000 ლარის შემოწირულობა, რაც ითვალისწინებს როგორც შემოწირულობის განმახორციელებლისთვის („ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“), ასევე მიმღებისთვის ორმაგი ოდენობის სანქციას. ჯამში 8000 ლარს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები