სს “კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

სს “კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს” საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სს “კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს” საბანკო საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით შეუჩერდა.
„კვირა“ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოში” დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე. ეროვნული ბანკის შეფასებით, კრედიტორთა, მათ შორის, პირველ რიგში, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულად განხორციელდება.
ეროვნული ბანკი ასევე ავრცელებს ბანკის ლიკვიდატორის, როინ ცაციაშვილის განცხადებას:
”იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს “კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს” ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია; უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები