თბილისის მერია: წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობა“ გაორმაგებული ძალებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებზე დედაქალაქის მერიის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და თბილისის მერია ბაღების პედაგოგებს მათი პოლიტიკური შეხედულებების გასარკვევად კითხვარს ავსებინებს, თბილისის მერია პასუხობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული განცხადება მორიგი სიცრუეა. მერიაში მიიჩნევენ,რომ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოძველებული და არაეფექტური მეთოდებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, ისევე როგორც მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სხვა სტრუქტურული ერთეულები, იცვლის მომსახურე ბანკს და გადადის თი-ბი-სი ბანკის მომსახურებაზე. შესაბამისად, ბანკი, მერიისგან დამოუკიდებლად, სააგენტოს თანამშრომლებს ავსებინებს სტანდარტულ კითხვარს.

დღეს ყველას კარგად ესმის, რომ წინასაარჩევნოდ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გაორმაგებული ძალებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით პოლიტიკური ქულების დაწერას და მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და ამის ნაცვლად ენერგია ქვეყნისა და ქალაქის სასიკეთოდ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისაკენ მიმართონ“, -აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები