პრემიერი დაკარგულ ჯარისკაცებზე: მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება არასწორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარისკაცების ძებნა თურქულმა მხარემ შეაჩერა, რადგან მათ ამოწურეს შესაძლებლობები, თუმცა, ადგილობრივი ძალებით, ძიება კვლავ გაგრძელდება.
“ძიება შეწყვიტა თურქულმა გემმა, რომელიც იყო ჩამოსული, ვინაიდან, მათი შეხედულებით, ამოწურეს იმ მომენტში შესაძლებლობები. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ ძებნა, მაქსიმალური ძალისხმევა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიპოვოთ დაღუპული სამხედროები. ეს არის უდიდესი ტრაგედია, ამიტომ ამ ტრაგედიით სპეკულირება, ჩემი აზრით, არასწორია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ სამხედროებისთვის, ვინც ერთად იყვნენ იმ მომენტში, ეს არის კიდევ უფრო დიდი ცხოვრებისეული ტრაგედია. ჩემთვის ცნობილია, რომ დასისხლიანებულები ამოვიდნენ ისინი, ცდილობდნენ შველას, მაგრამ ვერ უშველეს. ყურის აპკებდახეთქილი და სისხლში გასვრილები ამოვიდნენ თვითონ ეს სამხედროები. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნას, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ განვითარების იმ საფეხურზე, როდესაც ბევრი რამე არის მოსაწესრიგებელი, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ნორმატიული ბაზაც მოსაწესრიგებელია სამხედროების წვრთნის კუთხით, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად ვერ მოხდება. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაკარგული სამხედროების ოჯახის წევრებს და ვთქვა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ვიპოვოთ სამხედროები. ყველაფერი დამოკიდებულია ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ჩვენ რაც ხელთ გაგვაჩნია, ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე ორი დაკარგული სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ იაგო შარაძისა და I კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ძებნის ოპერაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ძალებითა და იმ რესურსების მაქსიმალური გამოყენებით ახორციელებს, რომელიც უწყებას გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები