პაპ ფრანცისკეს ვიზიტების მნიშვნელობა –  ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანტონიო სპადაროსთან შეხვედრა გაიმართება

6 სექტემბერს, 18 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება შეხვედრა იეზუიტ მღვდელთან, იტალიელ მწერალთან და თეოლოგთან, ჟურნალ La Civiltà Cattolica-ს ამჟამინდელ დირექტორთან,
ანტონიო სპადაროსთან, რომელიც ისაუბრებს პაპ ფრანცისკეს ვიზიტების მნიშვნელობაზე. ანტონიო სპადარო აგრეთვე ისაუბრებს რომის პაპის კუბაზე გამართულ შეხვედრაზე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან.
ცნობისთვის: ანტონიო სპადარომ 1988 წელს დაამთავრა ფილოსოფიის ფაკულტეტი, 1996 წელს ეკურთხა მღვდლად, ხოლო 2007 წელს საზეიმო აღთქმა დადო „იესოს საზოგადოებაში“ (იეზუიტები). არის ფუნდამენტური თეოლოგიის ლიცენციატი, ფილოსოფიის დოქტორი თეოლოგიაში რომის პონტიფიკალურ გრიგორიანულ უნივერსიტეტში. აქვს მასობრივი კომუნიკაციის დიპლომი. სწავლა დაასრულა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ძირითადად, დაკავებულია ლიტერატურის თეორიითა და ლიტერატურული კრიტიკით, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებით თანამედროვე იტალიელ (მათ შორის, ჩეზარე პავეზე, ალდა მერინი, მარიო ლუცი…) და ამერიკელ მწერლებთან (კლასიკოსი მწერლებიდან დაწყებული, როგორებიცაა ემილი დიკინსონი, უოლტ უიტმენი, ფლანერი ო’კონორი და ჯეკ ლონდონი თანამედროვე მწერლებამდე, როგორიცაა ჯეკ კერუაკი, რაიმონდ კარვერი).
მისი ინტერესის სფერო ეხება ასევე მუსიკას (ბრიუს სპრინგსტინი, ტომ უეიტსი, ნიკ დრაიკი,მ ნიკ კეივი), თანამედროვე მხატვრობას (მარკ როტკო, ედვარდ ჰოფერი, ენდი უორჰოლი ჯან მიშელ ბასკია), კინოსა და კომუნიკაციების ახალ ტექნოლოგიებს და მათი გავლენას ცხოვრების და აზროვნების წესზე (განსაკუთრებით ვიკიპედიას, Second life-ს, ციფრულ კითხვას, სხვადასხვა სოციალურ ქსელს, ჰაკერ ფილოსოფიასა და კიბერთეოლოგიას).
1998 წელს დააარსა Bomba Carta, კულტურული პროექტი, რომელიც კოორდინაციას უწევს კრეატიული მწერლობის ინიციატივებს, ასევე ვიდეო და ლიტერატურულ პროდუქციას ინტერნეტში. არის გამომცემლობა Ancora-ს პოეტური სერიის კურატორი. 2002 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ვატიკანის გრიგორიანული უნივერსიტეტის სოციალური კომუნიკაციის ინტერდისციპლინურ ცენტრში (Centro Interdisciplinare di Comunicazione Sociale )CICS)).
2011 წელს პაპი ბენედიქტე XVI  მას კულტურის პონტიფიკალურ საბჭოსა და ასევე მასობრივი კომუნიკაციის პონტიფიკალური საბჭოს მრჩევლად ასახელებს. 2012 წელს გახდა პრესტიჟული პრემიის „Le Buone Notizie ‘ Civitas Casertana“-ს ლაურეატი, რომელიც იტალიური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა, ერთადერთი ამ დარგში საერთაშორისო დონეზე.
La Civiltà Cattolica-სა და იეზუიტთა კიდევ 15 გამოცემის ჟურნალისტის რანგში არაერთხელ შეხვდა პაპ ფრანცისკეს. საუბრები  2013 წლის სექტემბერში გამოიცა და ფართოდ გაშუქდა საერთაშორისო პრესაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები