ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ნიქოზი” დღეს გაიხსნება

ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრამდე გაიმართება. წელს ღონისძიების სტუმრები იქნებიან ცნობილი ანიმატორები და ანიმაციის სკოლების წარმომადგენლები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, კანადიდან, პოლონეთიდან და ლიტვიდან.
“ნიქოზის” ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო ანიმაციურ ფესტივალებზე გამარჯვებული ფილმები. მათ ნაწილს თავად ავტორები წარადგენენ.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, კინოცენტრი “ქართული ფილმი – აფხაზეთი”, დიუმას ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და სხვები.
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ “ნიქოზის” შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორი მარიამ კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, იტალიელი კინოკრიტიკოსი ჯან ალბერტო ბენდაზი და სტუდია “ფოლიმაჟის” პროდიუსერი კორინ დეტომბი უძღვებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები