„ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ – მურმან ლებანიძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან

 

3 სექტემბერს, 17 საათზე, ონის კულტურის ცენტრში გაიმართება  ონის მუნიციპალიტეტისა და რეგისტრირებული კავშირის „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ მიერ გამოცხადებული მურმან ლებანიძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის პოეზიაში – „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ გამარჯვებულების დაჯილდოება.
„ონში მსგავსი პროექტი პირველად ხორციელდება, – განუცხადა „კვირას“ “ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ თავმჯდომარემ და პროექტის ორგანიზატორმა  ზაზა ფირცხალაიშვილმა, – კონკურსში მონაწილეობაზე ასაკობრივი შეზღუდვები არ იყო, კონკურსანტებს  უნდა გამოეგზავნათ ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებსა და/ან ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი 1 ლექსი;
მათი ვინაობა ჟიურისთვის არ იყო ცნობილი, ჟიურის შემადგენლობა კი თავიდანვე გამოცხადდა: თემურ ჩხეტიანი, ცირა ყურაშვილი, გია არგანაშვილი და ნინო გუგეშაშვილი.
სულ შემოვიდა 247 ლექსი. ტენდერის პირობის თანახმად, კრებულისთვის შეირჩა 94 ლექსი (სიმბოლურად მურმან ლებანიძის დაბადებიდან 94 წლისთავთან დაკავშირებით).
ფინალურ ეტაპზე გადავიდა საუკეთესო ქულების მქონე 13 ლექსი, რომელთა ავტორები ორგანიზატორთა ხარჯებით 3 სექტემბერს მიწვეულნი არიან ონში, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე. იმ დღეს ფინალისტებიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომელთა ვინაობა ჯერ სხვებისთვის ცნობილი არ არის. ონში ასევე დავპატიჟეთ მურმან ლებანიძის ოჯახის წევრები, მეგობრები: ტარიელ ჭანტურია, ჯანსუღ ჩარკვიანი, ერეკლე საღლიანი, თენგიზ არჩვაძე. დაგეგმილია კონცერტიც ადგილობრივი მომღერლების, ასევე ჯემალ სეფიაშვილისა  და “ჩვენებურების” მონაწილეობით. 3 სექტემბერს 60 კაცი მიგვყავს ონში სტუმრად მთელი საქართველოდან.
პროექტის ფარგლებში გაიმართება ონის სამხატვრო სკოლის მოსავლეთა ნახატების გამოფენაც.
გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები:
I ადგილი – 1000 ლარი; II ადგილი – 800 ლარი; III ადგილი – 500 ლარი; სპეციალური პრიზი – 500 ლარი, რომელსაც კონკურსის ფარგლებში შექმნილი ონის მუნიციპალიტეტის კომისია გადასცემს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და მოღვაწე პოეტს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბარში ზაზა ფირცხალაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები