თურქეთის ელჩი საქართველოში: ვწუხვარ, რომ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ვერ შევძელით

ამდენი დროის გასვლის შემდეგ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ძალიან რთულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში თურქეთის ელჩმა, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ გონიოში დაკარგული ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო ღონისძიებების შეწყვეტის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, თურქულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული.
„მას შემდეგ, რაც სამხედრო მოსამსახურეთა დაკარგვის შესახებ გავიგეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით და დაუყოვნებლივ გამოვყავით ორი გემი, რომელიც სანაპირო დაცვას დაეხმარებოდა. ისინი თურქეთის დასავლეთ ნაწილიდან გამოვიდნენ და აქამდე მოსასვლელად 2 დღე დასჭირდათ, თუმცა სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს დაუყოვნებლივ შეუერთდნენ.
უკანასკნელი 10-12 დღის განმავლობაში ჩვენ დიდი იმედითა და მონდომებით ვცდილობდით დაკარგული ჯარისკაცების პოვნას. სამწუხაროდ, ამ პირობებში, პირველი კვირა მსგავსი ღონისძიებისთვის საკმაოდ კრიტიკულია. გუშინ მე კაპიტანსა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს ვესაუბრე და მივედით დასკვნამდე, რომ ამდენი დროის გასვლის შემდეგ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ძალიან რთულია. თუმცა გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. მე ვიცი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროცესში ჩართო ყველა ძალა და გამოყო ყველა საჭირო საშუალება.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ მივაღწიეთ მოსალოდნელ მიზანს, მაგრამ ორ ისეთ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, როგორიც საქართველო და თურქეთია, თანამშრომლობის უმაღლესი დონე ვაჩვენეთ. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მეგობრები ერთმანეთის დასახმარებლად დაუყოვნებლივ უნდა მივიდნენ. თურქეთი აქ იყო და საქართველოს სანაპირო დაცვის გვერდით იდგა. ძალიან დამწუხრებული ვარ, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და ამ დაკარგული ჯარისკაცების პოვნა ვერ შევძელით,-განაცხადა ელჩმა და დაკარგულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები