გამოფენა „ვენეციის ძღვენი – სერგო ფარაჯანოვს“ გაიხსნება

3 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა, სიონის ქუჩა 8) მოსკოველი კინორეჟისორის, ტატიანა დანილიანცის გამოფენა: „ვენეციის ძღვენი – სერგო ფარაჯანოვს” გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ტატიანა დანილიანცის მულტიმედიური პროექტი, რომელიც მსოფლიოში კარგად ცნობილ ხელოვანს, სერგო ფარაჯანოვს ეძღვნება.
პროექტი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება და მოიცავს ავტორის მიერ შექმნილ კოლაჟებსა და ფოტონამუშევრებს, ტექსტილსა და შუშის ვიტრაჟებს. ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფილმი „ფარაჯანოვის გახსენებისას”.
აღსანიშნავია, რომ ფარაჯანოვის შემოქმედებაში ვენეციას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. 1977 წელს მისი ფილმები ბიენალეს სპეციალურ, მხატვარ-დისიდენტთა ჩვენებაზე იყო წარდგენილი. ინტერვიუებსა და საუბრებში ხელოვანი ხშირად აღნიშნავდა, თუ რას ნიშნავდა მისთვის ვენეცია. სერგო ფარაჯანოვის ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ტატიანა დანილიანცმა ცალკე წარმოსახვითი სამყარო შექმნა, სადაც ფარაჯანოვი ვენეციური მინიატიურების ფონზე წარდგება დამთვალიერებლის წინაშე.
გამოფენა ,,ვენეციის ძღვენი – სერგო ფარაჯანოვს” თავდაპირველად 2014 წელს იყო წარმოდგენილი ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, 2015 წელს კი – რუსეთის არქიტექტურის მუზეუმში.
გამოფენა ,,ვენეციის ძღვენი – სერგო ფარაჯანოვს” 2016 წლის 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები