27-28 აგვისტოს ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება
27 და 28 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონის დარბაზში, ბათუმი-თბილისის VIII საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კამერული ანსამბლი “ვირტუოზები”, სოლისტები: ლიანა ისაკაძე – ვიოლინო, აიმან მუსახოჯაევა – ვიოლინო, ალექსანდრ კნიაზევი – ჩელო, ვიქტორ ტრეტიაკოვი – ვიოლინო; დირიჟორები: ლიანა ისაკაძე, ცეზარ ალვარესი.
კონცერტებზე ვივალდის, მოცარტის, ჰაიდნის, ჩაიკოვსკი-ცინცაძის და ბახის ნაწარმოებები შესრულდება.
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმში, ანაკლიასა და თბილისში ჩატარდება. 4 სექტემბერს, ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში ჩატარდება, ლიანა ისაკაძის 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. ფესტივალში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები მიიღებენ, ასევე მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა. ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბათუმის მერია და თბილისის მერია.