„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განმარტებას აკეთებს
პარლამენტის სხდომებზე დეპუტატთა გაცდენებთან დაკავშირებით, საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდ „chemiparlamenti. Ge“-ზე, ტექნიკური ხარვეზების გამო, ინფორმაციის ნაწილი გაქრა, – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. „რამდენიმე მედიასაშუალებამ ჩვენი საპარლამენტო მონიტორინგის ვებგვერდ „chemiparlamenti.ge“-ზე დაყრდნობით, დეპუტატების დასწრების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მედიასაშუალებები დეპუტატების მიერ პლენარული სხდომების დიდი რაოდებობით ან 100%-ით გაცდენაზე მიუთითებდნენ. გვსურს, განვმარტოთ, რომ „chemiparlamenti.ge“ უკავშირდება რამდენიმე ოფიციალურ მონაცემთა ბაზას. ამჟამად ვებგვერდზე ინფორმაციის ავტომატური განახლება მიმდინარეობს, რამაც, როგორც აღმოჩნდა, ტექნიკური პრობლემა და ვებგვერდიდან ინფორმაციის ნაწილის წაშლა გამოიწვია. ამ დროისთვის დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაცემები წაშლილია იმ დეპუტატების შემთხვევაში, ვისაც 100%-იანი გაცდენა დაუფიქსირდა (მალხაზ წერეთელი, შალვა კიკნაველიძე, გოგი ოჩიაური და გოდერძი ბუკია). ხარვეზის გამოსწორების მიზნით, ვებგვერდი ამჟამად დროებით გათიშულია“,- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაში.