შვედური კომპანია „Presona-AB“-ს პრეზიდენტი საქართველოშია

   საქართველოს შვედური კომპანია „Presona-AB“-ს სათავო ოფისის პრეზიდენტი მიკოლაშ ჰეინცი ეწვია. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, „Presona-AB“ მყარი ნარჩენების გადამუშავების და კონსერვაციის სფეროში მსოფლიო ლიდერია. კომპანია „Presona-AB“-ს სურს, საქართველოში წამოიწყოს და დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები მყარი ნარჩენების მართვაში, რაც ქვეყნის ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შვედური კომპანიის ხელმძღვანელმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. „Presona-AB“-ს წარმომადგენლები დღესვე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მმართველ დირექტორს და გერმანიის მთავრობის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ „Presona-AB“-ს წარმომადგენლები საქართველოს უკვე მეორედ ესტუმრნენ. 2 თვის წინ ისინი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას შეხვდნენ. შეხვედრების დროს კონსულტაციები ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობასა და ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით გაიმართა. კომპანია „Presona-AB“ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის პროფესიონალი მომხმარებლებისთვის საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის დაწნეხვის კომპლექსური აღჭურვილობის მიმწოდებელია.
კომპანიის წნეხვის დანადგარების ტექნიკური აღჭურვილობა საკუთარი უნიკალური ტექნოლოგიითაა შემუშავებული. მისი სრულიად ავტომატიზებული საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების წნეხავის დანადგარი 1971 წელს გაიყიდა, მას შემდეგ ეს დანადგარები მსოფლიოს 65 ქვეყანაში დამონტაჟდა. კომპანია „Presona-AB“-ს დანადგარები წარმატებით გამოიყენება წელიწადში 50 000 – დან 300 000 ტონამდე სხვადასხვაგვარი მეორადი ნედლეულის: ქაღალდის, მუყაოს, ჩალის, სხვადასხვაგვარი პოლიმერული პროდუქტის, ქსოვილის, სხვადასხვა ტიპის მყარი საწვავისა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებასა და დაწნეხვაში. პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ინოვაციური ტექნოლოგია კომპანია „Presona-AB“-მ 1999 წელს რუსეთის ქალაქ სერპუხოვოში განახორციელა. მას შემდეგ რუსეთსა და ,,დსთ“-ს ქვეყნებში მისი ტექნოლოგიის გამოყენებით 16 პროექტი იქნა რეალიზებული. სოჭიში ოლიმპიადის მომსახურებისთვის მყარი ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის გადამამუშავებელი ტექნოლოგიური აღჭურვილობის მონტაჟი განხორციელდა შემდეგ ქალაქებში: სოჭი, ლაზარევსკოე, გორიაჩი კლიუჩი, ბელორეჩენსკი და ტუაფსე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები