ეკა ბესელია ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, გიგა ბოკერიას მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებაში უჩვეულო არაფერია.
„ბოკერიას საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიცია ეკავა. ასეთ უწყებაში თუ რაიმე ხდებოდა ისეთი, რაც კითხვებს აჩენს, ეჭვს იწვევს და გამოძიების ინტერესი ჩანს, რომ ეს კონკრეტული ფაქტები გამოძიებული იყოს. ბუნებრივია, გიგა ბოკერია უნდა დაიკითხოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
გიგა ბოკერია საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე გამოცხადდა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. მთავარი პროკურატურის ცნობით, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.