გურამ ოდიშარიას წერილი: “რა ხდება კულტურის სამინისტროში“?

საქართველოს კულტურის მინისტრი ფეისბუქის საკუთარ გვედზე აქვეყნებს წერილს სახელწოდებით: “რა ხდება კულტურის სამინისტროში“? წერილში გურამ ოდიშარია საკუთარი მინისტრობის დროს კულტურის სამინისტროს საქმიანობას ვრცლად მიმოიხილავს. მისი მოსაზრებით, ამით ამ წერილით მას შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმის შევსება სურს.
მინისტრი აღნიშნავს:
“ვფიქრობ, რეკორდი მოვხსენი – დღეში იმდენ ადამიანს, ვხვდებოდი (და დღემდე ვხვდები), რამდენი მსურველიც იყო. მინისტრმა ყველაფერი უნდა იცოდეს – რა სურს ხალხს მისგან, რა მოლოდინი აქვს… (ეს იქამდეც ვიცოდი, ვიდრე მინისტრი გავხდებოდი და იმ შეკითხვებზე დავიწყე პასუხების გაცემა, რაც მე მაინტერესებდა წინა (სხვა) მინისტრებისგან)“.
ამის მერე მინისტრი საკუთარ სათქმელს ქვეთავებად აყალიბებს. პირველ პუნქტად ის გამოყოფს იმ მძიმე მემკვიდრეობას, რაც მას ერგო და რის გამოც, როგორც თავად აცხადებს, არასოდეს უწუწუნია.
“ სამწუხაროდ, რადგანაც ბოლო წლებია „ბრალდებობანა“ ჩვენი საზოგადოების თამაშის წესია, – წერს გურამ ოდიშარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე,- ყველანი ერთმანეთის მოსამართლეები გავხდით. წინასწარ ვიცოდი, რომ მეც მომადგებოდნენ და მომადგნენ კიდეც…. სამწუხაროდ კი, ის ადამიანები, ვისაც ვენდობოდი, ვაფასებდი, გვერდში ვედექი და გამოცდილებას ვუზიარებდი. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ მავანნი საკუთარ კარიერას ჩემი სახელის დისკრედიტაციით აშენებდნენ.“
გურამ ოდიშარიას აზრით, მავანთა ინტრიგანული პიარკამპანიის შედეგად “მთავარ დამნაშავედ“ ის დაასახელეს და ბრალდების ტალღამ მისი მომხრეების მცირე, მაგრამ აქტიური ფრთა ჩაითრია. ამ ბრალდებებზე პასუხის გაცემას კი ის არ აპირებს. მართალია, კულტურის სამინისტრო,- აცხადებს ის, – შინაარსით რთულ სამინისტროდაა მიჩნეული, ხელოვან ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია.
საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით გურამ ოდიშარია იხსენებს იმ ფაქტს, რომ მან 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში სამინისტროში 2.000-ზე მეტი შემოქმედი და ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანი მიიღო. სამინისტროს ბიუჯეტთან დაკავშირებით კულტურის მინისტრს მოყავს შემდეგი ფაქტები: – 2012 წელს, სამინისტროს ბიუჯეტი, 2013 წელთან შედარებით, ბევრად მეტი იყო – მარტო პრეზიდენტის ფონდიდან 15 მილიონამდე ლარი იყო გადმორიცხული. ჩვენ კი, ასეთ დაფინანსებას მოკლებული ვიყავით. დავიწყეთ იმ შემეცნებით-შემოქმედებითი სივრცის აგება, რომელიც ხელს შეუწყობდა კულტურის, როგორც უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებას“.
ამის შემდეგ გურამ ოდიშარია იმ პრიორიტეტების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაც მისი მინისტრობის დროს გახდა აქტუალური და გარკვეული ინიციატივები სხვებმა მიითვისეს. წერილის ბოლოს მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარ ამოცანად კულტურისა და პოლიტიკის გამიჯვნა მიაჩნია. დეპოლიტიზაციის პროცესი მასშტაბური და სრულფასოვანი უნდა გახდეს. “კითხვაზე: რომელი რომელს ქმნის – ქვეყანა კულტურას თუ კულტურა – ქვეყანას? – ასეთი პასუხი მაქვს – ქვეყანა კი ქმნის კულტურას, მაგრამ საბოლოო ჯამში, კულტურა ხვეწავს ქვეყანას, ცნობადად აქცევს და ახალ ჰორიზონტებს უხსნის“,- წერს გურამ ოდიშარია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები