დაუპირისპირდნენ თუ არა ერთმანეთს შოთა მალაშხია და “ნაციონალური მოძრაობა“?

დაუპირისპირდნენ თუ არა ერთმანეთს შოთა მალაშხია და “ნაციონალური მოძრაობა“? – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ სტატიას აქვეყნებს.
“ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ მორიგი დაპირისპირება და სკანდალი აგორდა. კერძოდ,შოთა მალაშხიამ 4 წლის განმავლობაში “მტკიცედ“ აშენებული ბლოკი დაარღვია და თავისი პარტია, “ქრისტიან-კონსერვატიული მოძრაობა“ ცალკე გაიყვანა, ანუ ის “ნაცმოძრაობის“ დაემშვიდობა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ნაცებმა“ მალაშხიას დიდი ფული მოსთხოვეს ყოველ არჩევნებზე ჩვენი ზურგით გადიხარ პარლამენტში, ნაწილობრივ მაინც დაგვაფინანსეო.
შეგახსენებთ, ვინაიდან “ქრისტიან-კონსერვატორული მოძრაობა“ კვალიფიციურ სუბიექტად ითვლება, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 800 ათას ლარს იღებს. უფრო მეტად რომ დავაკონკრეტოთ, ცესკოს მონაცემებით, მალაშხიას პარტიას საარჩევნო უბნებსა და ოლქებში წარმომადგენელთა ხელფასების სახით გამოყოფილი აქვს 381 ათასი ლარი, ხოლო წლიური დაფინანსების სახით იღებს 599 ათას ლარს. გარდა ამისა, ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან წლიურად ეძლევა 237 ათასი ლარი და გამოყოფილი აქვს უფასო სატელევიზიო დრო რეკლამებისთვის“, – წერს გაზეთი “ალია“.
გავრცელებულ ინფორმაციაზე “ალიას“ კითხვებს თავად შოთა მალაშხია პასუხობს.
“ჯერ ერთი, ჩვენ ვერ გავიყრებოდით, რადგან მე არ ვარ “ნაცმოძრაობის“ წევრი, მე ვარ “ქრისტიან კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ეს პარტია შეიქმნა გაცილებით ადრე, სანამ “ნაცმოძრაობა“ შეიქმნებოდა. რამ გამოიწვია ასეთი ჭორის გავრცელება? ჩვენ ერთად ვიყავით მთელი 4 წელიწადი ბლოკში, მაგრამ, როდესაც საარჩევნო მარათონი დაიწყო, ცალ-ცალკე გავიარეთ რეგისტრაცია, ესე იგი, ბლოკი აღარ არსებობს. ახლა, 25 აგვისტომდე ან უნდა შეიქმნას ბლოკი, ან კიდევ წავიდეთ ჩვენს გზაზე, ეს უკვე მოლაპარაკების თემაა“, – აცხადებს შოთა მალაშხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები