იემენის სამხრეთ სანაპიროსთან, ადენის ყურეში, შეიარაღებულმა პირებმა ქიმიური პროდუქტების გადამზიდი ტანკერი Asana კონტროლის ქვეშ მოაქციეს,- ინფორმაციას “როიტერი” ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, სომალელ მეკობრეებს უკავშირდება.
საზღვაო უსაფრთხოების წყაროების ცნობით, მცირე ზომის ტანკერზე თავდამსხმელები დღეს ავიდნენ და ამ დროისთვის ხომალდს აკონტროლებენ. გემის მომდევნო დანიშნულების პორტად სომალის ქალაქი ბოსასო იყო მითითებული.
ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, ინციდენტი უფრო მეკობრეობას ჰგავს, ვიდრე იემენში მოქმედი ჰუთების დაჯგუფების თავდასხმას. თავდასხმის დროს ტანკერზე შეიარაღებული დაცვის ჯგუფი არ იმყოფებოდა.
ამ დროისთვის ეკიპაჟის მდგომარეობისა და გემზე მყოფი ადამიანების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ინციდენტს შესაბამისი საზღვაო უსაფრთხოების სამსახურები იძიებენ.