ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა ფილმის „სხვისი სახლი“ შემოქმედებით ჯგუფს უმასპინძლა

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ელჩმა ტომაშ პერნიცკმა ფილმის „სხვისი სახლი” შემოქმედებითი ჯგუფის პატივსაცემად 10 აგვისტოს სპეციალური მიღება გამართა.
ფილმი წელს ჩეხეთში კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ იგი საქართველოს კანდიდატ ფილმად შეარჩია ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.
რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის კოპროდუქციაა. ფილმი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს.
კარლოვი ვარის ფესტივალი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც ჩეხეთის ქალაქ კარლოვი ვარში 1946 წლიდან იმართება. იგი ა-კლასის კატეგორიას მიეკუთვნება კანის, ბერლინის, ვენეციის, სან სებასტიანის, მონრეალის, შანხაის და ტოკიოს კინოფესტივალების მსგავსად.
მიღებას დიპლომატიური კორპუსისა და კინოსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები