“ჩვენი მიზანი იყო, ამ თემის პოლიტიზირება არ მომხდარიყო, თუმცა პაპუაშვილმა გვაიძულა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის განცხადებაში არსებულ ბრალდებებს არ ეთანხმება.
ფოფხაძის თქმით, მისი და მისი კოლეგების მიზანს თემის პოლიტიზირება არ წარმოადგენდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებამ სხვა გზა არ დაუტოვა.
“ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ თემის პოლიტიზირება არ მომხდარიყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებებმა არ დაგვიტოვა არანაირი შესაძლებლობა, ვყოფილიყავით ნეიტრალურები, მოვრიდებოდით რაიმე შეფასებებს. განცხადებები იყო ძალიან მკვეთრი და შესაძლო ზეწოლებზე საუბრით გვაიძულა, რაღაც დონეზე შევსულიყავით პოლემიკაში. ამას დაემატა ის პროცესი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიდიოდა, როდესაც ტენდენცია გამოიკვეთა იმის, რომ პოლიტიკურად უფრო საინტერესო და მოტივირებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები სულ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. მაინცდამაინც, ასეთ მოსამართლეებზე ხდებოდა სარჩელების “დაწერა”. თუ ამ ყველაფერს პოლიტიკოსი არ გამოეხმაურა, საზოგადოება ჩათვლის, რომ შენ ან საერთოდ არ გაინტერესებს ის პროცესები, რაც შენს ქვეყანაში მიმდინარეობს, ან მართლა აღიარებ იმას, რომ რაღაცაში დამნაშავე ხარ. ჩვენ თავის სამართლებელი არაფერი გვქონდა. ვთქვით ის, რასაც ვფიქრობდით, დავასაბუთეთ და მგონი საკმაოდ ლოგიკური და თანმდევი არგუმენტები გვქონდა პოზიციის გამოხატვის დროს”, – განუცხადა ფოფხაძემ “პირWელს“.

რაც შეეხება იმას, რაც მოსამართლეებს წერილში სარჩელებთან დაკავშირებით აქვთ მოყვანილი, ფოფხაძის თქმით, ეს უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს.

“სარჩელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა, დაბრუნდა, შესწორდა და დაზუსტდა. ასეთი რაღაც, წესით, არ უნდა ხდებოდეს. არც სამართლებრივი ლოგიკაა ამაში და არც პროცედურულადაა სწორი. სარჩელი თუ შედის, რეგისტრირებული უნდა იყოს. თუ შედის და არ რეგისტრირდება, მაინც იგზავნება სხვა მოსამართლეებთან, ლოგიკას ვერ ვხედავ. ეს რა პრაქტიკა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩემთვის გაუგებარია. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მერე საუბარი იმაზე, რომ მოსამართლე არის მიუკერძოებელი და ობიექტური. არგუმენტები, რაც პროცედურასთან დაკავშირებით, მოსამართლეებმა წარმოადგინეს, დამაჯერებელი არ არის. ასეთი პრაქტიკა არ უნდა არსებობდეს. ამაში ბუნებრივია, არის პრობლემა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს”, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები