“64 მუნიციპალიტეტში, ჩვენი მერობის კანდიდატები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას, ისმენენ მათ პრობლემებს და ხდება პროგრამების პრეზენტაცია” – გიორგი გაბუნია
“პოლიტიკური პარტიის უმთავრესი ამოცანა გახლავთ, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, იყოს წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველობაში და მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ოპოზიციონერები ელოდებიან 4 ოქტომბერს და ამ დროს მათი აბსოლუტური უმრავლესობა,„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შტო არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ისაუბრა.
„საქართველოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, 64 მუნიციპალიტეტში, ჩვენი მერობის კანდიდატები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას, ისმენენ მათ პრობლემებს და ხდება პროგრამების პრეზენტაცია, ამ დროს ამ ძალებს 27 მუნიციპალიტეტში არ ჰყავთ წარმოდგენილი მერობის კანდიდატები და სადაც ჰყავთ წარმოდგენილი, იქაც პრაქტიკულად არ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. ამ დროს ყველანაირად ცდილობენ, რომ შექმნან დაპირისპირების კერები, დაამძიმონ სიტუაცია ქვეყანაში, განსაკუთრებით რუსთაველსა და მელიქიშვილზე იმიტომ, რომ შემდგომში ეს გამოიყენონ საარჩევნო პროცესის და არჩევნების შედეგების ცუდად შეფასებისთვის“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.