“გამოიძიონ ყველაფერი, მარგველაშვილი ბოკერიასთან ყოველთვის ახლოს იყო” – რა ინფორმაციას ფლობს ადვოკატი

ვინ და რატომ „ჩანერგა“ პრეზიდენტი მარგველაშვილი და ირაკლი ალასანია 2012 წელს „ქართულ ოცნებაში“ და რატომ უნდა დაინტერესდეს პრეზიდენტის საქმით უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.“
ამ თემის შესახებ „ალიას“ ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ესაუბრა, სადაც ის აცხადებს, რომ რაც უფრო მეტად ახლოვდება არჩევნები, მით უფრო ხდება პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია.
„აქტუალური ბოლო პერიოდში აქტუალური იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ზეწოლასთან დაკავშირებული საკითხიც. ამ პროცესმა ჩემი ძველი ძნელად გასახსენებელი სიტუაციები გამახსენა. 2012 წლის საპარალამენტო არჩევნების დროს, ცენტრალური სადაზვერვო სამსახური, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ეზრუნა, „ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა ძალების ჩანერგვაზე ზრუნავდა. ერთ-ერთი ასეთი ჩანერგილი მამუკა არეშიძის შტაბში გახლდათ გია ქარქოსაშვილი, რომელიც მანამდე სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა. მე მაშინ ყოველდღე მიწევდა სადაზვერვო სამსახურში მისვლა, რადგან ჯერ ხმალაძის შტაბში ვიყავი შეგზავნილი და შემდეგ არჩილ კბილაშვილთან. იმდენად გაშინაურებული ვიყავით იქ მიმსვლელ-მომსვლელი, რომ ჩემი თანდასწრებით, მოურიდებლად ხდებოდა შემოტანილი ინფორმაციების გაანალიზება. ამ საუბრებში გამოიკვეთა ყველა ის ადამიანი, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ შეგზავნილები. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა რომ ივანიშვილი მოიგებდა არჩევნებს და ამზადებდნენ სიტუაციას, რომლის მიხედვითაც, ამ მოსმენებითა და თვალთვალით, შემდეგ ეს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დაეპატიმრებინათ. ამ საუბრებში გამოიკვეთა ირაკლი ალასანია და თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. აქვე გამოიკვეთა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი იყო ვისაც ევალებოდა უმაღლესი დონის ინფორმაციის გამოტანა „ქართული ოცნებიდან“. ანუ ეს ორი გახლდათ უმაღლესი დონის აგენტი. შეხვედრებზე განიხილებოდა რამდენიმე ფორმულირება, როგორ უნდა ჩაეძირათ „ქართული ოცნება“ განიხილებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის სხვადასხვა გეგმაც, რაზეც მე ჩვენება მივეცი პროკურატურაში და ამიტომ ამ საკითხზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ. „ქართული ოცნების“ ჩაძირვის ერთ-ერთი გეგმა, რომელიც მაშინ განიხილებოდა, დღეს ერთი ერთში ხორციელდება“,- აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე „ალიასთან“ საუბარში.
მისივე თქმით, გეგმა გულისხმობდა „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
„დღეს უკვე ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ის შიდა ძალები, რომლებიც საკმაოდ ღრმად არიან მოკალათებული, გადავიდნენ აშკარა ქმედებებზე. ერთი მხრივ, ირაკლი ალასანია გადავიდა შეტევაზე, მეორე მხრიდან პრეზიდენტი უტევს, რომელიც გაპრეზიდენტებიდან მეორე დღესვე გადაუდგა ბიძინა ივანიშვილს და დღეს აშკარად „ნაციონალების“ ინტერესს ატარებს. ამერიკას დღეს აწყობს „ნაციონალების“ მობრუნება, განახლებული სახით და იგივე იდეოლოგიით. ეს ძალები უკვე განლაგდნენ და გახლავან – „რესპუბლიკური პარტია“, ალასანიას გუნდი, „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მარგველაშვილი,“ – აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.
შეკითხვაზე, თუ რატომ საუბრობს ამაზე ახლა, თუკი პრეზიდენტი ჩანერგილი იყო, ზურაბ ჯორბენაძე პასუხობს, რომ დღეს გახდა ამის თქმა აუცილებელი, რადგან ქვეყნის ღრმა კრიზისში შეყვანა მიმდინარეობს.
„გუშინ გადამდგარი თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ებრძვის თურმე „რესპუბლიკურ პარტიას.“ ყველაფერი მიანიშნებს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი ძალები ნელნელა მოახდენენ ქვეყანაში არეულობას და ხელისუფლება იძულებული გახდება, ამ ძალებს გაურიგდეს“- ამბობს ზურაბ ჯორბენაძე.
კითხვაზე, თუ რა ევალებოდა უშუალოდ გიორგი მარგველაშვილს, ზურაბ ჯორბენაძე ამბობს, რომ ის, თუ რა ევალებოდა, სადაზვერვო სამსახურშია შემონახული დაწვრილებით. „მე ამ აგენტურულ ქსელზე ჩვენება მივეცი, მაგრამ ეს ჩვენება ლაშა ნაცვლიშვილმა თაროზე შემოდო და ჩამოიღონ. გამოიძიონ ეს საკითხი და დეტალურად ნახავენ ალასანიასა და მარგველაშვილის მიერ შესრულებულ სამუშაოს. მარგველაშვილს „დავერბოვკება“ არ სჭირდებოდა, ის ისედაც მათი იყო. ის ყოველთვის ახლოს იყო გიგა ბოკერიასთან და მამუკა გაჩეჩილაძესთან. ეს უკანასკნელი ნაკლებად ცნობადია. ის ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე და მიშა სააკაშვილის მეგობარი გახლდათ. გიორგი მარგველაშვილი მიბმული იყო მამუკა გაჩეჩილაძის ძმასთან, მალხაზ გაჩეჩილაძესთან, რომელიც მუშაობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში. ესენი თავის მხრივ, მიბმული იყვნენ მეგის ქარდავასთან და ამ ყველაფრის სათავეში იდგა დათა ახალაია, ხოლო მის უკან -ზურაბ ადეიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ეს სქემა იყო. სანამ დროა, გამოიძიონ ყველაფერი,“-ამბობს ზურაბ ჯორბენაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები