პაატა კიკნაველიძე: მოსამართლე, რომელიც ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას, ის ვერ დაიცავს სხვის უფლებებს

თავის დროზე გიორგი პაპუაშვილის დანიშვნა იყო პოლიტიკური აქტი და საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი წევრი პირდაპირ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გადავიდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კიკნაველიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო დაკომპლექტებული იყო პირადი და პოლიტიკური ერთგულების ნიშნით.
„ეს ხალხი, როგორც იურისტები, ხელისუფლებას ციდან არ მოუწყვეტია. ის აგრძელებს იმ პოლიტიკურ ტენდენციას, რომლითაც იგი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. სპეციალურად გააუქმეს კანონის ნორმა, რომელიც კრძალავდა ერთი და იგივე პირის ორჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევას.
დღეისთვის ცნობილია, რომ პროკურატურამ მოსამართლეების საკონსტიტუციო სასამართლოს გამოკითხვები ჩაატარა და რაიმე ფაქტი და გარემოება, რომელიც ადასტურებდეს რომელიმე მოსამართლეზე რაიმე სახის ზეწოლას, ასეთი რამ არ იკვეთება“, – განაცხადა პაატა კიკნაველიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობენ და, ზეწოლის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოსამართლეს შეუძლია, გადადგეს.
„თუკი რაიმე სახის ზეწოლა ხორციელდება, მოსამართლე ვალდებულია, ამის შესახებ განაცხადოს. ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია გადადგეს და უნარჩუნდება ხელფასი. ამის მოტივაცია არის ის, რომ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად მიიღოს ანაზღაურება. მოსამართლე, რომელიც ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას, ის ვერ დაიცავს სხვის უფლებებს“, -აღნიშნა პაატა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები