სიღნაღის მერობის კანდიდატი: ცხოვრების ჯანსაღი წესი ისევ რჩება პრიორიტეტულად

“ათზე მეტი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გვაქვს აშენებული სხვადასხვა სოფელში, ორი სპორტული დარბაზი, ერთი სპორტკომპლექსი წნორში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იყო”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა განაცხადა.

„2021 წელს, როდესაც ვიწყებდით ფიქრს და გეგმებს ჩვენი შემდგომი სამუშაოსი, რამდენიმე პრიორიტეტი იყო მკვეთრად გამოკვეთილი. დაწყებული გვქონდა სასმელი წყლის პროგრამა, რომელმაც 13 სოფელი მოიცვა და ვიცოდით, რომ აუცილებლად იქნებოდა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის საჭიროება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო ეს ჩვენთვის. ამ 4 წლის განმავლობაში 125 კილომეტრი შიდა სასოფლო გზა არის მოწესრიგებული. დაახლოებით 109 მილიონი ლარია დახარჯული საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაში. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებო იყო გარე განათების პროექტი. გარე განათების დაახლოებით 196 კილომეტრი გრძივი ნაგებობა არის შესრულებული. წელს დასრულდება ჩვენს მუნიციპალიტეტში გარე განათების პროექტი და აღარ დარჩება არცერთი სოფელი, არცერთი ქუჩა, რომ არ იყოს განათებული.

ათზე მეტი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი გვაქვს აშენებული სხვადასხვა სოფელში, ორი სპორტული დარბაზი, ერთი სპორტკომპლექსი წნორში, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სიახლე იყო, ვინაიდან რაც წნორი არსებობს, ასეთი ნაგებობა მას არ ჰქონია.

სოციალური პოლიტიკის საკითხები იყო მნიშვნელოვანი. რვაზე მეტი ახალი პროექტი გვაქვს დამატებული სოციალურ პროგრამებში.

ასევე, ცხოვრების ჯანსაღი წესი ისევ რჩება პრიორიტეტულად. მომავალ წელს ქალაქ წნორში დაიწყება საცურაო აუზის მშენებლობა, ასევე, საფეხბურთო სტადიონის. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა თავად ქალაქ სიღნაღს. მოგეხსენებათ, რომ ტურისტულად ძალიან მიმზიდველი და დატვირთული ქალაქია და ამის გამო უკვე ჩნდება ქალაქის ინფრასტრუქტურის ხელახალი მოწესრიგების აუცილებელი საჭიროება.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა კულტურულ-შემოქმედებით მიმართულებას. სიღნაღი უკვე იქცა ფესტივალების ქალაქად. ოთხი საერთაშორისო ფესტივალი უკვე არსებობს და ამ მიმართულებასაც ყურადღებას დავუთმობთ, რომ ჩვენ სიყვარულის ქალაქთან ერთად სახელოვნებო ქალაქის ნიშაც დავიკავოთ.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სოფელ ერისიმედს, რომელიც არის საზღვრისპირა. ამ სოფელში სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა რესურსის კონცენტრირება მოგვიწევს. ასევე, ისტორიული სოფელი ქვემო მაჩხაანი, რომელშიც 60-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების სახლია ახლა და შესაძლოა, ეს ახალ მიზიდულობის ცენტრად ვაქციოთ“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები