თიანეთის მერობის კანდიდატი: გვაქვს მიმდინარე პროექტები, რომლებიც დასრულდება წლის ბოლომდე, ასევე, გვაქვს ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა სხვადასხვა სოფელსა და დაბაში
“დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარეს და ლიდერებს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ გავაგრძელო იმ პროექტების განხორციელება, რაც ჩვენი მოსახლეობის დაკვეთაა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თიანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ლევან წიკლაურმა ისაუბრა.
„თიანეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, კერძოდ ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურის და დასვენების პარკი, რომელშიც დაიხარჯა 6 მილიონ 600 ათასი ლარი და ერთ-ერთის საუკეთესო სივრცეა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ჩამოსული ვიზიტორებისთვის. დაბა თიანეთი ცენტრიდან საფეხმავლო ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ასევე დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები, მოეწყო, როგორც ველო, ასევე საფეხმავლო ბილიკები, შეიცვალა ცენტრალური მოედნის ტრიბუნები, ასევე შეიცვალა დახურული დარბაზის სახურავი, რეაბილიტირდა ფასადი, მოეწყო ღია სცენა, განხორციელდა გარე განათების სამუშაოები.
გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი, რომელიც ეხება სოფელ ჭურჭელაურებიდან სოფელ ზემო არტანის მიმართულებით ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ჯამში დაიხარჯა 9 მილიონამდე ლარი. უპრეცედენტო იყო თანამონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, თანადაფინანსება შეადგენდა მილიონ სამას ორმოცდაერთი ათას ლარამდე. ჯამში 12,5 კმ სიგრძეზე მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე სოფლისთვის. ასევე განხორციელდა მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს სამი სოფლის საავტომობილო გზის მოასფალტების სამუშაოებს.
ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომელიც შეეხება სასმელი წყლის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გამოწვევებს, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, გარე განათების სამუშაოებს, სარიტუალო დარბაზების, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობა.
ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტები, რომლებიც დასრულდება წლის ბოლომდე, ასევე, გვაქვს ძალიან ბევრი სამომავლო გეგმა სხვადასხვა სოფელსა და დაბაში“, – აღნიშნა ლევან წიკლაურმა.