ალექსანდრე თამაზაშვილი: საღამოს გაიგებთ, ვინ იქნება ქიზიყელების, კახელების ინტერესების დამცველი პარლამენტში ჩვენი გუნდიდან

ალექსანდრე თამაზაშვილი „ქართული ოცნების“ შეთავაზებას სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება და მხარდამჭერ საზოგადოებას მიმართავს:
„2012 წელს, ქვეყანაში სხვა გამოწვევები იყო და აუცილებელი, სავალდებულოც კი იყო! ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქეს, ხმა ამოეღო და, შეძლებისდაგვარად, შეერთებოდა იმ გადამწყვეტ ბრძოლას, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად უპასუხისმგებლო, დამნაშავე და მოღალატე რეჟიმისგან… ჩვენ გავიმარჯვეთ…გავხდი საქართველოს პარლამენტის წევრი… ვიმსახურებდი თუ არ ვიმსახურებდი, ეს ცალკე თემაა…მიმაჩნია, რომ ბევრი იყო ისეთი, ვინც ჩემზე მეტად იმსახურებდა, მაგრამ იმ დროს, ბევრმა ვერ “გაბედა” , რომ ებრძოლა და ემსახურა სამშობლოსთვის… დღეს სხვა რეალობაა, საკუთარი აზრის დაფიქსირებას “გაბედვა” აღარ სჭირდება და ვიმედოვნებ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება მსგავსი დრო, საქართველოში. გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს კრიტიკა და ცილისწამება დამნაშავე, დამარცხებული რეჟიმის წარმომადგენლების ნარჩენებისგან თუ მომხრეების მხრიდან. ვინაიდან მიმაჩნდა და დღესაც ამ აზრზე ვარ, რომ მათზე მეტად მიყვარს საქართველო და მათგან განსხვავებით არასდროს გადავდგამ ისეთ ნაბიჯს, რაც ქვეყანას დააზარალებს… საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში, ბევრია ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელთა კრიტიკა სამართლიანია და მისაღები… მე რომ მათ ადგილას ვიყო, როგორ პარლამენტარს ვისურვებდი?! უკეთესს, ვიდრე მე ვარ, შესაბამისად, მსურს, რომ ჩემი კუთხე უკეთესმა წარმოადგინოს საკანონმდებლო ორგანოში. ხოლო მე, კიდევ ვიმუშავებ, ვიშრომებ, რომ იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ. ასე, რომ დაველოდოთ, საღამოს გაიგებთ, ვინ იქნება ქიზიყელების, კახელების ინტერესების დამცველი, საქართველოს პარლამენტში ჩვენი გუნდიდან. და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს, ყველა რაიონსა თუ ქალაქში. მჯერა, საქართველოს მოსახლეობა, ღირსეულ არჩევანს გააკეთებს“, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები