“ნათლად ჩანს, თუ რამხელა წნეხს გაუძლო საქართველომ, რომელსაც ცეცხლის ხაზზე დგომის პირობებში აიძულებდნენ, აქტიური როლი ეთამაშა წაგებულ სცენარში” – პაპუაშვილი
“აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,უპირველეს ყოვლისა, ნათელია, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქა დასრულებულია. სახელმწიფოები გამალებით ეძებენ ძალთა ახალი ბალანსის ფორმულას. ამ პროცესში თითოეული მოთამაშე ცდილობს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და ხელსაყრელი პოზიციების შენარჩუნებას.
ამ ვითარებაში, ეროვნული ინტერესი აღარ არის თეორიული ცნება. ის სახელმწიფოთა პოლიტიკის განმსაზღვრელ, გადამწყვეტ კატეგორიად იქცა. სწორედ ეროვნული ინტერესის პრიზმიდან იღებენ სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს, აყალიბებენ ალიანსებს, მოიპოვებენ გავლენებს.
აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია. სანაცვლოდ არსებობს გლობალური დაპირისპირება, კონკურენტი ზესახელმწიფოები და დომინირების სურვილი. იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები, სადაც არც ერთ მოთამაშეს არ გააჩნია აბსოლუტური მორალური მონოპოლია.
ამავე რეალობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ფაქტობრივად უარს ამბობს „მსოფლიო პოლიციელის“ როლზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გლობალური წესრიგის ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. ახალი ამერიკული დოქტრინები ნათლად აცხადებს: დასრულდა ეპოქა, როდესაც აშშ საკუთარ რესურსებს ხარჯავდა სხვა ქვეყნებისთვის ცივილიზაციური მოდელების თავს მოსახვევად. ამერიკული პოლიტიკის ერთადერთი აბსოლუტური პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესია.
ევროპა და ევროკავშირი ამ პროცესში სტრატეგიული გაურკვევლობის წინაშე აღმოჩნდა. ისინი ეძებენ საკუთარი პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადობის ახალ მოდელებს და უკვე აცნობიერებენ – ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო გუშინ, ხოლო დღევანდელი რეალობა აღარ იძლევა მომავლის მარტივი პროგნოზირების შესაძლებლობას.
სწორედ ამ ფონზე ხდება ცხადი საქართველოს პოლიტიკის არსი. ნათლად ჩანს, თუ სინამდვილეში რამხელა წნეხს გაუძლო საქართველომ, რომელსაც ცეცხლის ხაზზე დგომის პირობებში, აიძულებდნენ, აქტიური როლი ეთამაშა განწირულ და წაგებულ სცენარში. პროცესში, რომელიც აქ აღწერილი მოცემულობით დასრულდებოდა. ჩვენ ამ წნეხს გავუძელით. გავუძელით ქართველი ხალხის მხარდაჭერითა და მოწონებით,”- განაცხადა პაპუაშვილმა.