“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ელჩების კონფერენციის ფარგლებში მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ განვლილი პოლიტიკური წლის შეჯამებით, მიმდინარე საერთაშორისო რეალობის შეფასებით და სამომავლო ხედვით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექცია იყო.
„გლობალური ცვლილებებით, დრამატიზმითა და წინააღმდეგობებით აღსავსე განვლილ წელს მომხდარი დიდი მოვლენებიდან აქცენტს გავაკეთებ ორ საკითხზე. პირველი – შემდგარი ფაქტია, რომ საქართველომ 2025 წლის განმავლობაში გაუძლო უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასა და წნეხს, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, შიდა პოლიტიკური პროცესების ხელოვნური შეცვლა და საზოგადოების განწყობების აქტიური მანიპულაცია იყო. დღეს უკვე ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები არა შიდა პროცესების შედეგი, არამედ რეგიონული და გლობალური დაპირისპირების პროექციაა – უკრაინაში მიმდინარე ომის მეოთხე წლისა და ზესახელმწიფოთა ღია კონკურენციის პირობებში. მეორე – ეს არის წლის ბოლოს, საერთაშორისო ურთიერთობების გამოკვეთილი სურათი, სახელმწიფოების პოზიციები და მათ შორის ჩამოყალიბებული ახალი პარიტეტი. დღეს უკვე აღარ წარმოადგენს დავის საგანს არაერთი დებულება, რომელიც გასული ოთხი წლის განმავლობაში განსხვავებული ინტერპრეტაციების საგანი იყო. უპირველეს ყოვლისა, ნათელია, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა ჩამოშლილია. უნიპოლარული მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების ეპოქა დასრულებულია. სახელმწიფოები გამალებით ეძებენ ძალთა ახალი ბალანსის ფორმულას. ამ პროცესში თითოეული მოთამაშე ცდილობს საკუთარი ინტერესების მაქსიმალურ დაცვას და ხელსაყრელი პოზიციების შენარჩუნებას. ამ ვითარებაში, ეროვნული ინტერესი აღარ არის თეორიული ცნება. ის სახელმწიფოთა პოლიტიკის განმსაზღვრელ, გადამწყვეტ კატეგორიად იქცა. სწორედ ეროვნული ინტერესის პრიზმიდან იღებენ სახელმწიფოები გადაწყვეტილებებს, აყალიბებენ ალიანსებს, მოიპოვებენ გავლენებს. აღარ არსებობს ისტორიის ნათელი და ბნელი მხარე, გეოპოლიტიკური კეთილისა და ბოროტის მარტივი დაპირისპირება, ერთი ცივილიზაციის მეორეზე ჰეგემონია. სანაცვლოდ, არსებობს გლობალური დაპირისპირება, კონკურენტი ზესახელმწიფოები და დომინირების სურვილი. იკვეთება ახალი, მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტურები, სადაც არც ერთ მოთამაშეს არ აქვს აბსოლუტური მორალური მონოპოლია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.