“მოსამართლემ უნდა აიცილოს იმ საქმეებში მონაწილეობა, სადაც ასეთი ეჭვი ჩდება”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას განცხადებით, კანონით აცილების საფუძველია გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას.
მისი თქმით, თუ დადასტურდა, რომ მოსამართლე მაია კოპალეიშვილი “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არის დაყენებული და ეს აცილების საფუძველია.
“კანონით აცილების საფუძველი არის გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას. ასეთ გარემოებათა კატეგორიად მიიჩნევა პირადი ნათესაური კავშირები. როდესაც იკვეთება ასეთი ფაქტი, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ არის დაყენებული და არის აცილების საფუძველი. ასეთ დროს, მოსამართლემ უნდა აიცილოს იმ საქმეებში მონაწილეობა, სადაც ეს ეჭვი ჩდება, რადგან არსებობს საერთაშორისო ევროპული სასამართლოს სტანდარტი, რომელითაც დადგენილია, რომ სასამართლო, მოსამართლეები, არამარტო უნდა იყვნენ მიუკერძოებლები, არამედ არ უნდა ტოვებდეს ეჭვს მათი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. ასე რომ, ეს ფაქტორი არის პირდაპირი საფუძველი მოსამართლის აცილების”, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, პარლამენტი “რუსთავი 2”-ის საქმეში ჩართული ორ მოსამართლის, კონსტანტინე ვარძელაშვილის და მაია კოპალეიშვილის აცილებას ითხოვდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა.
ბესელიას თქმით, პარლამენტი კიდევ ერთი მოსამართლის, ქეთევან ერემაძის საქმიდან აცილებას ითხოვს.
“უნდობლობისა და ეჭვის საფუძველი არსებობს და ამიტომ, აცილების საკითხი დააყენა პარლამენტის წარმომადგენელმა ოფიციალურად, სასამართლო სხდომაზე“, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორ, ნიკა გვარამიასთან ნათესაური კავშირის შესახებ ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას არ უპასუხა.
გავრცელებული ინფომაციით, მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა.
“ვერანაირად ამაზე განსაზღვრულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუკი საჭიროება მოითხოვს, განცხადებას გავავრცელებთ”, – განაცხადა მოსამართლემ.
ცნობისთვის, მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას მოსამართლეების აცილების შუამდგომლობით მიმართა.
კერძოდ კი, პარლამენტი ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ შეტანილი სარჩელების თაობაზე მიმდინარე დავის ფარგლებში პირველი კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის აცილებას.
როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, “არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული წევრების მიუკერძოებლობაში. კერძოდ, მათ აკავშირებთ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახლობლური ურთიერთობა მოსარჩელე მხარის – შპს “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2″-ის” ამჟამად დროებით უფლებამოსილებაშეჩერებულ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან. მოსამართლე ვარძელაშვილის მეუღლე ანა ჟვანია ნიკა გვარამიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს იყო მისი პირველი მოადგილე, ხოლო მაია კოპალეიშვილი ნიკა გვარამიას მოადგილედ მუშაობდა იუსტიციის მინისტრის, ხოლო შემდგომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები